„დაგვეხმარეთ იმაში, რომ დაგეხმაროთ“ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში“, – ასე მიმართავს აშშ-ის სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს მთავრობას.
როგორც ჯინ შაჰინი „ამერიკის ხმასთან“ აცხადებს, აშშ-ის მთავრობა სიამოვნებით დაუჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე საჭირო ნაბიჯების გადადგმაში.
სენატორის თქმით, ახლა საქართველოსთვის გადამწყვეტი მომენტია, ქვეყანამ გამოიყენოს შესაძლებლობა და გადადგას საჭირო ნაბიჯები ევროკავშირის წევრობის გზაზე.
„მესმის, რომ ქართველი ხალხი, რომელიც უდიდესი უმრავლესობით მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, იმედგაცრუებულია იმით, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ, საქართველოს კი – არა. საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია კრიტიკული რეფორმების განხორციელების მიმართულებით, რომ დაწინაურებულიყო ევროატლანტიკური მისწრაფებების განსახორციელებლად. მაგრამ რჩება გარკვეული სფეროები, რომლებიც პროგრესს მოითხოვს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობას შეუძლია ამ რეფორმების განხორციელებაში პროგრესს მიაღწიოს ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ინკლუზიური პროცესის წარმართვით“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.
სენატორი შაჰინი ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ რეფორმების განხორციელება „საუკეთესო შანსია ქართველი ხალხისთვის ეკონომიკურად აყვავებული და დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად“.
„არსებობს ფართომასშტაბიანი ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, განსაკუთრებით, რუსეთის მხრიდან უკრაინაში არაპროვოცირებული და უკანონო შეჭრის ფონზე. ქართველი ხალხი თავს დაუცველად გრძნობს და მე ვიცი, რომ შეერთებულ შტატებში არსებობს მხარდაჭერა იმისთვის, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს მთავრობას, წინ წაწიოს ინკლუზიური რეფორმების ძალისხმევა. ჩვენი გზავნილია: „დაგვეხმარეთ იმაში, რომ დაგეხმაროთ“ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.
23 ივნისს ევროპულმა საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ თანმხლები პირობებით, საქართველოს კი არა. სამივე ქვეყნის შემთხვევაში ევროპულმა საბჭომ მათი ევროპული პერსპექტივა აღიარა.
მანამდე, 17 ივნისს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი დასკვნა, სადაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პირობას უყენებს.