ახალი ამბები

2020-ში არჩევნები 5%-იანი ბარიერით რომ ჩატარებულიყო, ამომრჩევლის 25%-ს წარმომადგენელი არ ეყოლებოდა – ISFED

7 ივლისი, 2022 • 974
2020-ში არჩევნები 5%-იანი ბარიერით რომ ჩატარებულიყო, ამომრჩევლის 25%-ს წარმომადგენელი არ ეყოლებოდა – ISFED

სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ აცხადებს, რომ 2024 წლის არჩევნებში 5%-იანი ბარიერის დაწესება, საარჩევნო ბლოკების აკრძალვის პირობებში, არაერთ რისკთანაა დაკავშირებული.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 7 ივლისს განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ იმ შემთხვევაში დაეთანხმება საპარლამენტო არჩევნების 5%-იანი ბარიერის დაწევას 2%-მდე, თუკი ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.

ISFED-ის განცხადებით, რისკები, რაც 2024 წლის არჩევნებისთვის 5%-იანი ბარიერის გამოყენებას სდევს თან, შემდეგია:

  • „ამომრჩეველთა ხმების მნიშვნელოვანი რაოდენობის დაკარგვა (არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკური წარმომადგენლის გარეშე შეიძლება დარჩეს);
  • ხმებისა და ადგილების მკვეთრად არაპროპორციულად განაწილება (ბარიერგადალახული პარტიები, 5%-ზე დაბალი მხარდაჭერის მქონე პარტიების ხმების ხარჯზე, საქართველოს პარლამენტში მათი მხარდაჭერის დონეზე მნიშვნელოვნად ჭარბი წარმომადგენლობით შევლენ, მათ შორის, მნიშვნელოვნად გაიზრდება „გამარჯვებულის ბონუსი“);
  • საპარლამენტო პარტიების რაოდენობის მინიმალიზაცია (მესამე და შემდგომი პოლიტიკური პარტიების ფრაგმენტირებული მხარდაჭერის პირობებში, პარლამენტში ადგილების მოპოვება შესაძლოა, სამზე მეტმა გაერთიანებამ ვერ შეძლოს);
  • პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავება (5%-იანი ბარიერის დარჩენამ შესაძლოა, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ერთიან სიაში გაერთიანებისკენ უბიძგოს და გააღრმაოს ბიპოლარიზაცია)“.

ხმების დაკარგვის რისკი

როგორც ორგანიზაცია იხსენებს, 2020 წლის არჩევნების შედეგად ცხრა საარჩევნო სუბიექტმა მოიპოვა ადგილი პარლამენტში, თუმცა მათ შორის მხოლოდ 2 სუბიექტს ჰქონდა მიღებული ამომრჩეველთა ხმების 5%-ზე მეტის მხარდაჭერა.

ამასთან, 5%-ზე დაბალი მხარდაჭერის მქონე პარტიებმა და საარჩევნო ბლოკმა ამომრჩეველთა ხმების 25%-მდე მიიღეს, მაშინ, როდესაც 2%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე საარჩევნო სუბიექტებზე ხმების მხოლოდ 8.46% განაწილდა.

ISFED-ის თანახმად, მესამე და შემდგომ ადგილებზე მყოფი პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის ასეთი ფრაგმენტაციის პირობებში, 2024 წლიდანვე 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გამოყენება მნიშვნელოვნად შეამცირებს საპარლამენტო პარტიების რიცხვს და გაზრდის დაკარგული ხმების რაოდენობას; ასევე, ხაზს უსვამს, 2020 წლის არჩევნების პროპორციული კომპონენტის ხმების შედეგად ადგილები 5%-ზე მაღალი მხარდაჭერის მქონე საარჩევნო სუბიექტებზე რომ განაწილებულიყო, საქართველოს პარლამენტში მხოლოდ ორი გაერთიანება მოხვდებოდა, ამომრჩეველთა 25% კი საქართველოს პარლამენტში წარმომადგენლის გარეშე დარჩებოდა.

წყარო: ISFED

ISFED-ის მიერ 14 ივნისს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვხვდებით პოლიტიკურ პარტიებს შორის 2020 წლის არჩევნებში ხმების განაწილების სიმულაციას 2%-იანი და 5%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

2%-იანი ბარიერის შემთხვევაში , პარლამენტში, ნაცვლად 9-სა, 8 პოლიტიკური პარტია მოხვდებოდა, რომელთაგან  უმრავლესობას (არანაკლებ 76 ადგილი) დამოუკიდებლად  ვერც ერთი მათგანი მოაგროვებდა. ამასთან, ბარიერს მიღმა დარჩენილ პარტიებს შორის ნაწილდება ხმების 9%.

„5%-იანი ბარიერის მოქმედების შემთხვევაში კი, საპარლამენტო ადგილებს მხოლოდ 3 პოლიტიკური პარტია ინაწილებს. მათ შორის, პირველ ადგილზე გასული პარტია, რომელმაც ხმების 45% მიიღო, პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობით, ადგილების 59%-ით შედის. დაკარგული ხმების რაოდენობა (ბარიერს მიღმა დარჩენილი პარტიების მხარდაჭერა) 24%-ს უტოლდება“, – წერს „სამართლიანი არჩევნები“, – წერს ISFED-ი.

„სამართლიანი არჩევნები“ ასკვნის, რომ ძალიან დაბალი საარჩევნო ბარიერი არჩევნების შედეგების არაპროპორციულობის დაბალ დონეს განსაზღვრავს, თუმცა ზრდის პარტიული სისტემის ფრაგმენტაციასა და ფრაქციონალიზაციას. მეორე მხრივ, ძალიან მაღალი ბარიერი ზღუდავს ფრაგმენტაციას, თუმცა ზრდის ხმებისა და ადგილების არაპროპორციულობას.

„ამდენად, საუკეთესო გზა მათ შორის ბალანსის მიღწევაა, რასაც გარდამავალ ეტაპზე დაახლოებით 2-3- პროცენტიანი ბარიერის დაწესება წარმოქმნის“, – წერს ორგანიზაცია.

გირჩევთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი