ახალი ამბები

ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი და არა 2% — 12 პარტიის განცხადება

7 ივლისი, 2022 • 837
ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი და არა 2% — 12 პარტიის განცხადება

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და ვენეციის კომისიას განცხადებით მიმართავენ და ამბობენ, რომ საარჩევნო ბარიერი უნდა განისაზღვროს არა 2%-ით, არამედ ბუნებრივი ბარიერით (0,67%).

„საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა პოლიტიკური სპექტრის პოლარიზაცია ორ პოლუსს შორის. ხელისუფლება და ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას შორის დაპირისპირების დასრულება მითითებულია როგორც პირობა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ.

დეპოლარიზაციისთვის აუცილებელია შესაბამისი ინსტიტუციური გარემო. შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული შეთანხმებით საარჩევნო ბარიერი უნდა შემცირდეს ბუნებრივ ბარიერამდე ან არაუმეტეს 2%-ისა შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნები“, — ნათქვამია განცხადებაში.

19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციაში პირველი მოსმენით მიღებულია ცვლილება საარჩევნო ბარიერის შემცირების შესახებ. ოპოზიციურ პარტიების ნაწილს მიაჩნია, რომ მეორე მოსმენით კენჭისყრამდე საკონსტიტუციო კანონპროექტში უნდა შევიდეს სამი მნიშვნელოვანი ცვლილება:

  • საარჩევნო ბარიერი განისაზღვროს არა 2 პროცენტის ოდენობით, არამედ ბუნებრივი ბარიერი – 0,67%;
  • აღნიშნული კონსტიტუციური ცვლილებები იყოს მუდმივი, ნაცვლად შემდეგი ორი არჩევნებისა;
  • არჩვენებში მონაწილეობის უფლება მიეცეს არა მხოლოდ პარტიებს, არამედ საარჩევნო ბლოკებსაც.

განცხადებაზე ხელმომწერების აზრით, 30-წლიანი პოლარიზაციის მძიმე ისტორიის მქონე საქართველოს სჭირდება ჰოლანდიის საარჩევნო მოდელის მსგავსი სისტემა, რაც მოიტანს მრავალფეროვნებას და ინტენსიური თანამშრომლობის საჭიროებას. ისინი ემხრობიან საარჩევნო ბლოკებს და ამბობენ, რომ საარჩევნო ბლოკების გარეშე პოლიტიკური ძალები იძულებული იქნებიან, უარი თქვან არჩვენებში დამოუკიდებლად მონაწილეობაზე და კენჭი იყარონ ან „ქართული ოცნების“, ან „ნაციონალური მოძრაობის“ ეგიდით, რაც ისევ თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებს ელექტორატის ნახევარზე მეტს.

„იმედი გვაქვს, ხელისუფლების მიერ დეკლარირებული „ეროვნული თანხმობის“ პოლიტიკის ფარგლებში მიღწეულ იქნება ზემოაღნიშნული საკითხის შესახებ შეთანხმება, რაც საფუძვლად დაედება პოლიტიკურ ძალთა დიალოგს სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც და გამორიცხავს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების განვითარებას არაკონსტიტუციური სცენარით.

იმავდროულად, ვთხოვთ ვენეციის კომისიას, განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართოს, რათა მიღწეულ იქნას ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმება ზემოაღნიშნულ საკითხზე“, — აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც პარტია „ევროპელი დემოკრატები“ ავრცელებს.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. „გირჩი“ — იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი;
  2. „რესპუბლიკური პარტია“ — ხათუნა სამნიძე;
  3. „სახელმწიფო ხალხისთვის“ — ნიკა მაჭუტაძე;
  4. „ევროპელი დემოკრატები“ — პაატა დავითაია
  5. „ერთიანი საქართველო“ — ნინო ბურჯანაძე
  6. „თავისუფალი საქართველო“ — კახა კუკავა
  7. „თავისუფლება“ — მალხაზ გორგასლიძე
  8. „სამართლიანობისთვის“ — ეკა ბესელია
  9. „სამოქალაქო უფლებებისათვის“ — ზურაბ ხარატიშვილი
  10. „ტრიბუნა“ — დავით ჭიჭინაძე
  11. „ქართული არჩევანი“ — ბეჟან გუნავა
  12. „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ — გოჩა ჯოჯუა.

მასალების გადაბეჭდვის წესი