ახალი ამბები

UK-ში კონსერვატორების 21-მა წევრმა თანამდებობები დატოვა, თუმცა ჯონსონი გადადგომას არ აპირებს

6 ივლისი, 2022 • 760
UK-ში კონსერვატორების 21-მა წევრმა თანამდებობები დატოვა, თუმცა ჯონსონი გადადგომას არ აპირებს

დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის 21-მა წევრმა სამთავრობო და პარტიული თანამდებობები დატოვა.

გადადგომების ტალღა მოჰყვა ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრების მიერ პოსტების დატოვებას. კანცლერმა რიში სუნაკმა და საჯიდ ჯავიდმა განცხადებები კაბინეტის დატოვების შესახებ 5 ივლისს, ერთმანეთისგან რამდენიმე წუთის ინტერვალით, Twitter-ზე გამოაქვეყნეს. მინისტრთა კაბინეტის წევრების აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მთავრობის კიდევ ერთი წევრის, კრის პინჩერის გადადგომა, რომელსაც ორი ადამიანი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა.

ბორის ჯონსონის კაბინეტის ორი წევრის შემდეგ, დღეს, 6 ივლისს თანამდებობები დატოვეს მთავრობის 7-მა მინისტრმა, რომლებსაც საპარლამენტო თანამდებობები უკავიათ, და მათმა თანაშემწეებმა; ასევე, კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ბიმ აფოლამიმ.

პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ჯონსონს ოპოზიციამ გადადგომისკენ მოუწოდა, თუმცა პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ დარჩება თანამდებობაზე, მიუხედავად მისი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ კონსერვატორების მზარდი აჯანყებისა.

ჯონსონის თქმით, 2019 წლის არჩევნებიდან აქვს „კოლოსალური მანდატი“ და „განაგრძობს გზას“.

ივნისის დასაწყისში კონსერვატიულმა პარტიამ ბორის ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადებას უყარა კენჭი. პარტიის წევრებს შორის ფარული კენჭისყრის შედეგად, ჯონსონს 211-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 148 წევრმა კი ხმა მის წინააღმდეგ მისცა, შედეგად ის თანამდებობაზე დარჩა.

UK-ში ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადებას მისი თანაპარტიელები კენჭს უყრიან

მასალების გადაბეჭდვის წესი