ახალი ამბები

UK-ში ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადებას მისი თანაპარტიელები კენჭს უყრიან

6 ივნისი, 2022 • 876
UK-ში ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადებას მისი თანაპარტიელები კენჭს უყრიან

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე მსჯელობა დღეს, 6 ივნისს გაიმართება. ბრიტანეთის პარლამენტის კონსერვატორი წევრები ფარული კენჭისყრის გზით დღეს გადაწყვეტენ, დარჩება თუ არა ბორის ჯონსონი პარტიის ლიდერად.

კენჭისყრა დიდ ბრიტანეთში, ფართიგეითის სახელწოდებით, ცნობილ სკანდალს უკავშირდება, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს ბრიტანეთის მთავრობისა და კონსერვატიული პარტიის წევრების მონაწილეობით რეგულაციების დარღვევით გამართულ წვეულებებს ეხება.

ერთ-ერთი წვეულება, რომლის დროსაც ბორის ჯონსონს კოვიდრეგულაციების დარღვევაში ადანაშაულებენ

როგორც Politico წერს, კენჭისყრის ინიცირებისთვის საჭირო იყო პარლამენტის კონსერვატორი წევრების 15%-ის თანხმობა, რაც ბრიტანეთის შემთხვევაში მინიმუმ 54 კონსერვატორ დეპუტატს გულისხმობდა. ჯონსონის მოწინააღმდეგეებმა ხმების აღნიშნული რაოდენობის მოპოვება შეძლეს და კენჭისყრა ადგილობრივი დროით 18:00-დან 20:00 საათამდეა დაგეგმილი, რაც თბილისის დროით 21:00 საათია.

იმ შემთხვევაში, თუ თანაპარტიელები ჯონსონისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად საჭირო ხმების მოპოვებას ვერ შეძლებენ, შემდეგი 12 თვის განმავლობაში იმუნიტეტით ისარგებლებს. გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს 180 თანაპარტიელის მხარდაჭერა სჭირდება. იმ შემთხვევაში კი, თუ ჯონსონი კენჭისყრაში დამარცხდება, რაც Politico-ს შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, პარტიაში დაიწყება ახალი პრემიერ-მინისტრის შერჩევის პროცედურა.

ერთ-ერთი წვეულება, რომლის დროსაც ბორის ჯონსონს კოვიდრეგულაციების დარღვევაში ადანაშაულებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი