ახალი ამბები

ბორის ჯონსონის კაბინეტს ორი მინისტრი ტოვებს

5 ივლისი, 2022 • 793
ბორის ჯონსონის კაბინეტს ორი მინისტრი ტოვებს

ბრიტანეთის მთავრობას ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები ტოვებენ. კანცლერმა რიში სუნაკმა და საჯიდ ჯავიდმა განცხადებები კაბინეტის დატოვების შესახებ ერთმანეთისგან რამდენიმე წუთის ინტერვალით Twitter-ზე გამოაქვეყნეს.

„ხალხის სამართლიანი მოლოდინია, რომ მთავრობა სწორად იმართებოდეს. ვაცნობიერებ, რომ შესაძლოა ეს იყოს ჩემი უკანასკნელი პოსტი მთავრობაში, მაგრამ მჯერა, ამ სტანდარტებისთვის ბრძოლა ღირს, რის გამოც თანამდებობას ვტოვებ. ეკონომიკურ საკითხებზე ჩემს გამოსვლაზე მზადებისას, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება, გავაცნობიერე, რომ ჩვენი მიდგომები ერთმანეთისგან ფუნდამენტურად განსხვავდება. ვწუხვარ, რომ მთავრობის დატოვება მიწევს, მაგრამ მივედი დასკვნამდე, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება“, – წერს ბრიტანეთის უკვე ყოფილი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი.

ჯავიდი კი აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრად მუშაობა მისთვის დიდი პატივი იყო, თუმცა ბორის ჯონსონის რწმენა დაკარგა, რის გამოც თანამდებობის დაკავება გადაწყვიტა.

მინისტრთა კაბინეტის წევრების აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მთავრობის კიდევ ერთი წევრის, კრის პინჩერის გადადგომა, რომელსაც ორი ადამიანი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა. როგორც CNN წერს, ინციდენტი კერძო ვახშამზე მოხდა. გამოცემა წერს, რომ თავად პინჩერი ბრალდებებს პირდაპირ არ აღიარებს, თუმცა აცხადებს, რომ „წინა ღამით მთვრალი იყო და საკუთარი თავი და სხვა ადამიანები შეარცხვინა“.

აღნიშნულის შემდეგ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ პინჩერის მთავრობაში დანიშვნა შეცდომა იყო. გამოცემა აღნიშნავს, რომ მსგავსი ბრალდებები პინჩერის მიმართ წასულშიც არსებობდა, შესაბამისად, ჯონსონის ადმინისტრაციას მოუხდა აეხსნა, თუ რატომ დანიშნა პოსტზე პირი, რომლის მიმართაც ასეთი მძიმე ბრალდებები არსებობდა. თავდაპირველად ბორის ჯონსონის გუნდმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრს აღნიშნული ბრალდებების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია, თუმცა მოგვიანებით ახალი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ წარსული ინციდენტების შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა აღნიშნავდნენ, რომ ისინი „გადაიჭრა“.

ბრიტანეთში შიშობენ, რომ თუ მინისტრები ჯონსონის გუნდის დატოვებას გააგრძელებენ, პრემიერ-მინისტრი კაბინეტის შენარჩუნებას ვეღარ შეძლებს და მთავრობა დაიშლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი