ახალი ამბებიეკონომიკა

რატომ გაიაფდა მოცვი

6 ივლისი, 2022 • 10550
რატომ გაიაფდა მოცვი

მოცვი, რომლის მოყვანაც საქართველოში პოპულარული ბოლო წლებში გახდა, სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით, წინა წლებთან შედარებით გაიაფებულია.

მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში ახლა მისი შეძენა 8-14 ლარი [კილოგრამი] ჯდება, რაც წინა წლების ფასებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

როგორც ნეტგაზეთმა გაარკვია, მოცვის ფასის შემცირება კავშირშია ექსპორტზე მიბმულ პრობლემებზე.

ფერმერის, სანდრო სოსიაშვილის განცხადებით, მოცვის ფასის კლება საერთაშორისო ბაზარზე არსებული სიტუაციით, კერძოდ კი, პროდუქციის ჭარბი მიწოდებით აიხსნება.

„ძალიან ბევრმა ქვეყანამ განავითარა ეს კულტურა, რამაც გამოიწვია ფასის დავარდნა“, – აცხადებს იგი ნეტგაზეთთან საუბრისას.

მისი განცხადებით, მოცვის მოყვანის თვითღირებულება გაიზარდა, თუმცა პროდუქტის ფასმა დაიკლო, რაც ფერმერისთვის სერიოზული გამოწვევაა.

ფერმერი მაღალი ხარისხის მოცვს არაბულ ქვეყნებში შედარებით მაღალ ფასად ყიდის, დანარჩენი მოსავალით კი საკუთარ საკონდიტროებს ამარაგებს.

მოცვი

მოცვის ბაღი გურიაში

მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტის, ეკატერინე ვეფხვაძის განცხადებით, ფასების შემცირება უკავშირდება უცხოეთის ბაზრებზე, მათ შორის რუსეთში, რომელზეც საქართველოდან ექსპორტის უდიდესი ნაწილი მოდის, ახალი მიმწოდებლების, სერბეთის, ბელარუსისა და მაროკოს, გამოჩენასაც.

მისივე თქმით, ფასების შემცირება ასევე გამოიწვია მოხმარების შემცირებამაც, რადგან მომხმარებლები, ფინანსური კრიზისის მოლოდინისა და ომის გათვალისწინებით, არჩევანს უფრო აუცილებელი საჭიროების პროდუქციაზე აკეთებენ და კენკრას ნაკლებად ყიდულობენ.

„კენკრის მოხმარება ფინანსური კრიზისის მოლოდინის გამო შემცირებულია. მოთხოვნის შემცირება საწარმოების გაჩერებითაც შეიძლება იყოს გამოწვეული“, – აცხადებს ეკატერინე ვეფხვაძე ნეტგაზეთთან საუბრისას.

მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ეკატერინე ვეფხვაძე

მისივე თანახმად, ფასთან დაკავშირებით ძირითადად პრობლემებს საქართველოში მცირე ფერმერები აწყდებიან, რომლებიც პროდუქციას ბაღიდან ყიდიან და აქვთ მაღალი ფასების მოლოდინი, რაც მოცვის კრეფის სეზონის მხოლოდ საწყის ეტაპზეა, რადგან ამ დროს სარეალიზაციო ბაზრებზე პროდუქციის დეფიციტია, თუმცა, საბოლოო ჯამში, მაღალი ფასების მოლოდინი არარეალურია.

ეკატერინე ვეფხვაძის განცხადებით, მოცვის სარეალიზაციო რეალური საშუალო ფასი დაახლოებით სამი დოლარია და ფინანსური გათვლებიც ამ ფარგლებში უნდა გაკეთდეს.


ლურჯი მოცვის წარმოება საქართველოში ბოლო წლებში გაიზარდა.

კლიმატური პირობებისა და მიწის მჟავიანობის გათვალისწინებით, ძირითადად მოჰყავთ აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში, ასევე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობის პორტალის თანახმად, გასულ წლებში მოცვის ერთ-ერთი უმთავრესი საექსპორტო ბაზარი რუსეთის ფედერაცია იყო.

2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 983 290 ამერიკული დოლარის ღირებულების მოცვი გავიდა, აქედან 816 ათას ამერიკულ დოლარზე მეტის ღირებულების პროდუქცია რუსულ ბაზარზე მოხვდა.

2020 წელს ექსპორტზე 3 მილიონ 822 ათასი ამერიკული დოლარის პროდუქცია გავიდა, საიდანაც 3 მილიონ 593 ათასი დოლარის პროდუქცია რუსეთში ექსპორტზე მოდიოდა.

2021 წელს კიდევ უფრო გაიზარდა მოცვის ექსპორტისგან მიღებული შემოსავლები და დაახლოებით 5 მილიონ 670 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, რომლის დიდი ნაწილიც, 5 მილიონზე მეტი, კვლავ რუსეთის ფედერაციაზე მოდიოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი