უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში მოცვი გაიაფდა. როგორც ფერმერები ნეტგაზეთთან ინტერვიუში აღნიშნავენ, სეზონის დასაწყისში, დაახლოებით 20 დღის წინ, მოცვის ჩაბარების ფასი 20 ლარამდე მერყეობდა, ახლა კი ჩაბარების ფასი 7-10 ლარს უტოლდება.
ფერმერები განმარტავენ, რომ მოცვის ფასი დამოკიდებულია ბაზარზე არსებულ რაოდენობაზე და ამასთან, უმეტესწილად ფასი რეგულირდება რუსეთის ბაზრის მიხედვით, რადგან საქართველოდან კენკრის ამ სახეობის ძირითადი ექსპორტი სწორედ რუსეთში ხდება.
ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საქართველოს მოცვის მწარმოებელთა საბჭოს წარმომადგენელი, დავით მაყაშვილი ესაუბრა.
მისი განმარტებით, ყოველწლიურად სეზონზე საქართველოში დაახლოებით 3-4 ათასი ტონა მოცვი მოჰყავთ. საქართველოს ბაზარზე 5-დან 10 პროცენტამდე იყიდება, დანარჩენი კი უმეტესად რუსეთის ბაზარზე გადის, შესაბამისად, რუსეთში მოცვზე ფასების კლება აისახება საქართველოზეც:
“სეზონის დასაწყისში ფასები ყოველთვის მაღალია. შემდეგ მოსავლის მატებასთან ერთად იკლებს, რადგან მეტია საექსპორტო მოსავალი და კონკურენციაც იზრდება. შესაბამისად, ფასები 10-12 ლარზე ჩამოდის. მომავალ კვირაში ალბათ უფრო დავარდება.
ყოველ წელს, განსაკუთრებით 15 ივნისიდან, ვარდება ფასები, რადგან ამ პერიოდიდან იწყება გვიანი მოსავლის აღება. ამასთან, ამავე პერიოდიდან მოცვი რუსეთის ბაზარზე შედის სერბეთიდან და ბელორუსიდანაც. კონკურენციის მატებასთან ერთად, ექსპორტიორებიც ვეღარ ვყიდით იმ ფასად, როგორც მანამდე, და ჩაბარების ფასსაც ვამცირებთ”, — განმარტავს მაყაშვილი ნეტგაზეთთან ინტერვიუში.
მისი თქმით, მოცვზე დაბალი ფასის შენარჩუნება სავარაუდოა ივნისის ბოლომდე, შემდეგი თვიდან კი შესაძლოა უფრო მოიმატოს, რადგან ბაზარზე მოცვის რაოდენობაც დაიკლებს.
მოცვის ფასის კლებაზე გვესაუბრა ფერმერი, მამუკა გელენავაც, რომელიც განმარტავს, რომ ფასმა არა მხოლოდ სეზონურად, არამედ გასულ წელთან შედარებითაც დაიკლო.
გელენავას მარტვილში მოცვის მეურნეობა 2019 წლიდან აქვს და რეალიზაცია 2021 წლიდან დაიწყო. ის თავად არ ფლობს მაცივრებს, სადაც მოცვი უნდა შეინახოს, შესაბამისად, ძირითადად ჩამბარებელ პუნქტებში მიაქვს, ან საცალო ბაზარზე ყიდის.
მისი თქმით, გასულ წელს, სეზონის დასაწყისში კენკრის ამ სახეობას 25 ლარადაც აბარებდა, წელს კი ერთი კილოს ჩაბარება 10 ლარად მოუწია. გელენავას განმარტებით, ეს თანხა მხოლოდ ხარჯებს ფარავს და მოგებას თითქმის არ ტოვებს.
“შარშან 25 ლარით დაიწყო ფასი და ბოლოს, ივლისის შუა რიცხვებში სადღაც 6 ლარზე ჩამოვიდა. წლევანდელ ფასებს ვერც შევადარებ, შარშან ბევრად მაღალი იყო.
საცალო მოვაჭრეებთან რაღაც პერიოდში 10-15 ლარად ვაბარებდი, ის კი 25 ლარად ყიდდა. მოგება მრჩებოდა მაშინ და თბილისში დამქონდა. როგორც ვიცი, წელს ბევრმა დაიწყო თბილისში ჩაბარება, ამიტომ გაჭირდა გასაღება და აღარ ჩამიტანია. რაოდენობამ მოიმატა რუსეთშიც, შესაბამისად, დაიკლო ფასმაც”, — განმარტავს გელენავა.
ის მიიჩნევს, რომ მოცვის გაყიდვა მცირე ფერმერებისთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა, თუ რუსეთის გარდა ევროპის ბაზარსაც აითვისებდნენ, თუმცა ამისთვის მეტი ძალისხმევაა საჭირო, რადგან ევროპის ბაზარზე საჭიროა სპეციალური სერტიფიკატები. გარდა ამისა, ევროკავშირში გატანისას ხარჯიც იზრდება, რადგან, როგორც ფერმერები განმარტავენ, ხილი რუსეთში დაახლოებით 5 დღეში ჩადის, ევროკავშირში კი 10-14 დღე დასჭირდება, ამ პერიოდში კი მოცვი ისე უნდა იყოს შენახული, რომ არ გაფუჭდეს და ხარისხიც არ დაკარგოს.
“პატარა მეურნეობები ვისაც გვაქვს, მათთვის ცოტა მიუწვდომელია, ევროპის ბაზარზე გატანაზე რომ ვიფიქროთ, თუმცა, თუ შეიქმნება დიდი კორპორაციები, ჩვენც მათთან ვიმუშავებთ და გატანაც გამარტივდება”, — ამბობს გელენავა.
რაც შეეხება საქართველოს ბაზარს, როგორც მოცვის მწარმოებელთა საბჭოს წარმომადგენელი დავით მაყაშვილი აცხადებს, ქვეყანაში არსებული მოთხოვნის კვალობაზე მოცვის რაოდენობა ბევრია, შესაბამისად, რეალიზაცია უცხოეთში, ძირითადად რუსეთში ხდება.