ახალი ამბები

5 ივლისის ძალადობაზე „თბილისი პრაიდის“ სარჩელი სტრასბურგმა განსახილველად მიიღო – GDI

5 ივლისი, 2022 • 699
5 ივლისის ძალადობაზე  „თბილისი პრაიდის“ სარჩელი სტრასბურგმა განსახილველად მიიღო – GDI

ორგანიზაციის „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ GDI-ის საჩივარი „თბილისი პრაიდის“ საქმეზე განსახილველად მიიღო და აღნიშნა რომ  შესაძლოა საქმეს მიენიჭოს პრეცედენტული მნიშვნელობა.

„საქმე ეხება 2021 წლის 5 ივლისს განხორციელებული ჰომოფობიურ ძალადობას, თავდასხმებს და მუქარას ლგბტქი+ თემისა და აქტივისტების წინააღმდეგ. შესაბამისად, საჩივრით მოსარჩელეები ითხოვენ ხელისუფლების უმოქმედობის და არაეფექტური რეაგირების გამო კონვენციით გარანტირებული უფლებების, კერძოდ კონვენციის მე-3 (წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-11 (შეკრების თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევის დადგენას.

აღსანიშნავია, რომ სასამართლომ საქმე ყველა მუხლთან მიმართებით დააკომუნიცირა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა 2022 წლის 13 ოქტომბრამდე ვალდებულია გასცეს პასუხი სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს საჩივარში წამოჭრილ ყველა საკითხის ირგვლივ. მათ შორის, სასამართლოს აინტერესებს, ხომ არ წაახალისა ხელისუფლების წევრების განცხადებებმა ის ძალადობა, რომელმაც იფეთქა 2021 წლის 5 ივლისს და რამდენად შეასრულა სახელმწიფომ მასზე ნაკისრი პრევენციისა და ეფექტიანი გამოძიების ვალდებულებები. ამასთანავე, სასამართლომ დააკმაყოფილა GDI-ს შუამდგომლობა და მთავრობას დაავალა 5 ივლისის უსაფრთხოების გეგმისა და შიდა მასალების წარმოდგენა, რომელიც ეხება შსს-ს მიერ განხორციელებული უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვას სადავო მოვლენების (2021 წლის 1 და 5 ივლისის) წინ“, – აცხადებს ორგანიზაცია.

GDI აღნიშნავს, რომ 5 ივლისის მოვლენებიდან 1 წლისთავზე თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისთან დაკავშირებული საქმეების განხილვა დასრულებულია, თუმცა პასუხისგებაში არაა მიცემული ძალადობის არც ერთი ორგანიზატორი, ხოლო იმ პირებს, რომლებსაც ბრალი ჰქონდათ წაყენებული – მინიმალური სანქციები შეეფარდათ.


5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები, მათ შორის, სასულიერო პირებიც – რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. „ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, „სირცხვილიას” და „თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ. აქციის შემდეგ მათ პარლამენტის წინ ჯვარი აღმართეს და იცეკვეს.

ისინი თავს დაესხნენ 45-ზე მეტ ჟურნალისტს, 11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაიცვალა, რასაც 2-დღიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სხვა მოქალაქეების მონაწილეობით. მდუმარე აქციის შემდეგ პარლამენტის წინ მაინც გაშალეს ცისარტყელას ფერების დროშა – რაც ქვიარ უფლებების სიმბოლოა.

საბოლოოდ, ლაშქარავას ცემის ეპიზოდზე 5-6 ივლისის ძალადობაში ბრალდებულებს 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯათ.

რაც შეეხება თავად ლაშქარავას, გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე საათში, სახელმწიფომ თქვა, რომ გარდაცვალების მიზეზი ზედოზირებაა. 30 დეკემბერს დამოუკიდებელმა ექსპერტმა დაადასტურა, რომ ეთანხმება ამ დასკვნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი