ახალი ამბები

თამარაშვილზე „ბასლეინი“ დახაზეს

1 ივლისი, 2022 • 1939
თამარაშვილზე „ბასლეინი“ დახაზეს

თბილისის მერიის თანამშრომლებმა წუხელ ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ, მიხეილ თამარაშვილის ქუჩაზე, გზის ორივე მხარეს, საავტობუსე ზოლი („ბასლეინი“) დახაზეს.

პირველი ივლისისათვის ვაკიდან საბურთალოს მიმართულებით „ბასლეინი“ დახაზულია თამარაშვილის #15-მდე (დაახლოებით 100 მეტრის დაშორებით იმ კვანძიდან, სადაც თამარაშვილის ქუჩა ყაზბეგის გამზირზე უხვევს).

საბურთალოდან ვაკის მიმართულებით კი საავტობუსე ზოლი ამჟამად დახაზულია უნივერსიტეტის ქუჩის დასაწყისთან (დაახლოებით იმ ადგილიდან, რომლის პარალელურადაც ყვავილების ღია მაღაზიებია ჩამწკრივებული) [სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ამ მხარეს ავტობუსის ზოლი დაგრძელდება, რისთვისაც გზაზე წვრილ ხაზად ყვითელი საღებავით უკვე არის მონიშნული].

ცოტა ხნის წინ „ბასლეინი“ დაიხაზა ჩუღურეთში, ფიროსმანის ქუჩაზე. ამჟამად  მიმდინარეობს მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია, რის შემდეგაც ეს ქუჩა ავტობუსებისთვის ორმხრივი გახდება და ორივე მხარეს დაიხაზება საავტობუსე ზოლი. ასევე, მიმდინარეობს ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია – „ბასლეინი“ იქაც უნდა დაიხაზოს.

რამდენიმე კვირის წინ თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ვიქტორ წილოსანმა განაცხადა, რომ ამ ზაფხულს, გარდა თამარაშვილისა, 10 ძირითადი საავტობუსე დერეფნის ფარგლებში ავტობუსების ზოლები მოეწყობა თამარ მეფის გამზირსა და რამდენიმე ქუჩაზე დიდ დიღომში.

გირჩევთ ამ თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი