ახალი ამბები

დიღმელაშვილი: ხელისუფლება დედაენის ბაღში დისკუსიაზე თავდასხმას გეგმავს

30 ივნისი, 2022 • 592
დიღმელაშვილი: ხელისუფლება დედაენის ბაღში დისკუსიაზე თავდასხმას გეგმავს

მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერის, შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მხარდამჭერები გეგმავენ, რომ დედაენის ბაღში, სადაც შეხვედრა-დისკუსიაა დაგეგმილი, შეკრებილ სტუდენტებს თავს დაესხან.

„მომდის ინფორმაცია, რომ ქართული ოცნება საჯარო სამსახურებში კრებს პარტიის წევრებს, რათა დედაენის ბაღში სტუდენტებს თავს დაესხან. მოგეხსენებათ, დღეს, 4 საათზე, იქ საჯარო შეხვედრა-დისკუსია გვქონდა დაგეგმილი.

ე.წ. ტიტუშკების მსგავსი მობილიზაცია ვიხილეთ რეგიონებში. პროპაგანდის ამოცანაა სიტუაციის ისე წარმოჩენა, თითქოს ევროინტეგრაციის თემაზე არაა ეროვნული კონსენსუსი და არსებობს ორი სხვადასხვა, დაპირისპირებული, თანაბრად ძლიერი სენტიმენტი. ესეც “ფარდის ახდის” კამპანიის შუქშია განსახილველი.

მოკლედ, როგორც იცით, “შინ ევროპისკენ” მოქმედებს არაძალადობრივი წინააღმდეგობის ტაქტიკით. შესაბამისად, არ ჩაებმება პროპაგანდისტულ სცენებზე დადგმულ სპექტაკლში და ამიტომ მოვუწოდებ პოლიციას, დაიცვან საჯარო დისკუსიის მონაწილეები წინასწარ მობილიზებული თავდამსხმელებისგან.

და აგრეთვე, გამოცდილება მეუბნება, რომ რაც უფრო მეტნი ვართ ჩვენ, მით ნაკლები რისკია, პროვოკაციები მოხდეს, ამიტომ ყველას გეპატიჟებით ჩვენს მშვიდ დისკუსიაზე. ახლა თუ არ დავიცავით სტუდენტები ჩაგვრისგან, მერე ნუღარ გაგვიკვირდება მათი ნიჰილიზმი. გელით დედაენის ბაღში 4 საათზე“, – წერია შოთა დიღმელაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლებსა და პოლიტიკური აქტივისტებს თბილისსა და რეგიონებში შეხვედრების ჩატარების საშუალებას არ აძლევენ ადგილზე მობილიზებული ჯგუფები.

ოპოზიციის წევრების განცხადებით, ეს ჯგუფები საჯარო მოხელეებითა და მმართველი გუნდის წევრებითა და მხარდამჭერებითაა დაკომპლექტებული.

დაპირისპირება მოხდა ქუთაისში, ოზურგეთში, ლანჩხუთში, ყვარელში, ზესტაფონში, ბათუმში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსსა და ბიბლიოთეკაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი