ახალი ამბები

“სერიოზული ბრალდებაა, მთავრობებს შორის უნდა განიხილებოდეს” – დეგნანი არახამიაზე

28 ივნისი, 2022 • 942
“სერიოზული ბრალდებაა, მთავრობებს შორის უნდა განიხილებოდეს” – დეგნანი არახამიაზე

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ  საქართველოსა და უკრაინის მთავრობებმა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებული საკითხები არა საჯაროდ, არამედ ერთმანეთთან კომუნიკაციის გზით უნდა განიხილონ.

ამის შესახებ მან უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

კერძოდ, არახამიამ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა საქართველოს ხელისუფლება რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში. როგორც არახამია ამბობს, მალე უფრო ხელმისაწვდომი გახდება საზღვარგარეთ ტრანზაქციების შესახებ მონაცემები და საქართველოდან ბევრი დეპუტატისა და მინისტრის ანგარიშები.

როგორც აშშ-ის ელჩი ამბობს, ახლა, როცა უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ, საკუთარი ქვეყნისა და მოქალაქეების დასაცავად იბრძვის,  საქართველოსა და უკარინას შორის დაპირირსპირების დრო არ არის. მისი თქმით, ახლა დროა, ორივე ქვეყანა ოკუპანტის წინააღმდეგ გაერთიანდეს.

„ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა. როგორც ადრე ვთქვი, ასეთი სახის დისკუსია უნდა იყოს მთავრობებს შორის და არა მედიის საშუალებით. მედიის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ არსებობს საკითხები, რომლებიც განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის წინააღმდეგ, უნდა განიხილებოდეს მთავრობებს შორის.

მე მოვისმინე, რომ საქართველოს მთავრობამ ამ ბრალდებებს უპასუხა და ბატონ არახამიას არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება. ასე რომ, მე მოვუწოდებდი,  ეს განიხილონ ხელისუფლებებს შორის, დიპლომატიური არხებით და შეწყვიტონ ამის საჯაროდ კეთება, რადგან ამით მხოლოდ რუსეთი სარგებლობს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

„მოემზადოს ბატონი ივანიშვილი“ — არახამიას მორიგი ბრალდება და დავითაშვილის პასუხი

მასალების გადაბეჭდვის წესი