ახალი ამბები

„მოემზადოს ბატონი ივანიშვილი“ — არახამიას მორიგი ბრალდება და დავითაშვილის პასუხი

27 ივნისი, 2022 • 1173
„მოემზადოს ბატონი ივანიშვილი“ — არახამიას მორიგი ბრალდება და დავითაშვილის პასუხი

უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი დავით არახამია კიდევ ერთხელ ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში.

არახამია ამბობს, რომ მალე უფრო ხელმისაწვდომი გახდება საზღვარგარეთ ტრანზაქციების შესახებ მონაცემები და საქართველოდან ბევრი დეპუტატისა და მინისტრის ანგარიშები.

„შეერთებულ შტატებში ჩვენი ვიზიტის დროს ჩვენი დელეგაციის მუშაობის ნაწილი იყო ჩვენი მოკავშირეებისთვის ინფორმაციის გაცნობა რუსების მიერ გამოყენებული სქემების შესახებ სანქციების თავიდან ასაცილებლად. ერთ-ერთი მათგანია საქართველოს იურისდიქციის გამოყენება. საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება. როდესაც ეს ინფორმაცია ამერიკისთვის გახდა ხელმისაწვდომი, ქართველი ჩინოვნიკებისგან ბევრი სიტყვა მოვისმინეთ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მაგრამ დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო ჩნდება ობიექტური ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს ჩემს სიტყვებს.

საზღვარგარეთ ტრანზაქციების შესახებ მონაცემები და საქართველოდან ბევრი დეპუტატისა და მინისტრის ანგარიშები მალე უფრო ხელმისაწვდომი გახდება. და, რა თქმა უნდა, ბატონი ივანიშვილის კავშირებზე, რომელიც ძალიან ღრმად არის ჩართული ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყნის დასახმარებლად სანქციების გვერდის ავლაში“, — წერს არახამია „ტელეგრამში“.

მისი თქმით, ვერავინ შეძლებს ფულის გამომუშავებას უკრაინელების სიკვდილის ხარჯზე.

„ასე არ იქნება. და პირველი უნდა მოემზადოს ბატონი ივანიშვილი. ჩვენ მალე გავფრინდებით და ეს არ იქნება ტურისტული მოგზაურობა“, — დასძენს იგი.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დავით არახამიას ბრალდებებს უსაფუძვლო, უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი უწოდა. მისი თქმით, მსგავსი ცრუ ბრალდებები ადრეც მოგვისმენია და არანაირი ფაქტებით არ ყოფილა გამყარებული.

„დღესაც იგივეა. ჩვენ მოვისმინეთ მხოლოდ საუბარი ბრალდებებზე, თუმცა არ არის კონკრეტული ფაქტებით გამყარებული. მან უნდა წარმოადგინოს ფაქტები. ვფიქრობ, ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი ჩარევა საქართველოს სახელმწიფოს საქმეებში სხვა ქვეყნის პოლიტიკოსის მხრიდან, რაც თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის არის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი“, — განაცხადა მან.

ლევან დავითაშვილის თქმით, სხვის ნაცვლად ვერ ისაუბრებს, თუმცა თავად არ გააჩნია უცხოურ ბანკებში ანგარიშები.

დავით არახამიას განცხადება მოჰყვა ინფორმაციას ბათუმში სანქცირებული ტვირთით გემის შემოსვლის შესახებ. საუბარია „როსნეფტის“ ნავთობპროდუქტებზე, რომელიც „მთავარი არხის“ ინფორმაციით, 26 ივნისს, თურქული დროშის ქვეშ მცურავმა ტანკერმა – ESEN KA-მ შემოიტანა საქართველოში. ეკონომიკის მინისტრმა დაადასტურა ინფორმაცია გემის შემოსვლის შესახებ, თუმცა თქვა, რომ საბაჟოს არ გაუცია თანხმობა ასეთი ტვირთის მიღებაზე.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, პორტი, ტვირთგადამზიდავი და ტვირთის მფლობელები კერძო პირები არიან, მაგრამ მათი სურვილის და შეთანხმების მიუხედავად, თუ არ იქნება საბაჟოს თანხმობა, სანქცირებული ტვირთი „ვერ მოხვდება საბაჟო სივრცეში“.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/419683/

მასალების გადაბეჭდვის წესი