ახალი ამბები

ჩვენს მთავრობაში ოლიგარქის წინააღმდეგ გაერთიანებული 5 პარტიაა — გრეგოროვა კობახიძეს

28 ივნისი, 2022 • 1012
ჩვენს მთავრობაში ოლიგარქის წინააღმდეგ გაერთიანებული 5 პარტიაა — გრეგოროვა კობახიძეს

ჩეხი ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა პასუხობს „ქართული ოცნების“ თამვჯომარე ირაკლი კობახიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ გრეგოროვას პარტია „15%-ს იღებს“ და ამ დროს „ჩვენ უნდა გვასწავლოს ჭკუა“.

კერძოდ, 27 ივნისს, „პალიტრანიუსის“ ეთერში ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მარკეტა გრეგოროვას ქვეყანაში (ჩეხეთში) მისი პარტია (ჩეხეთის „პირატების პარტია“) იღებს 15%-ს.

„ის ლიდერიც კი არაა ამ პოლიტიკური პარტიის და ჩვენ უნდა გვასწავლოს ჭკუა მარკეტა გრეგოროვამ საქართველოში, როდესაც ჩეხ ხალხს ვერ არწმუნებს თავის ქვეყანაში, ნუ, ასეა რა“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, სწორედ „ამიტომ მოხვდა უამრავი სისულელე ევროპარლამენტის რეზოლუციაში“. მან ასევე განაცხადა, რომ ევროპარლამენტის დამტკიცებული რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს და ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქს უწოდებს, „ღირსებას მოკლებულია“.

28 ივნისს კობახიძის ამ კომენტარს მარკეტა გრეგოროვა გამოეხმაურა და ტვიტერზე დაწერა:

„დიახ, ჩვენი ახალგაზრდა ჩეხური დემოკრატია ამაყობს თავისი მრავალფეროვნებით. ჩვენი მთავრობა დაკომპლექტებულია ხუთი პარტიისგან, რომლებმაც დაძლიეს უთანხმოებები ერთი ოლიგარქის მოსაშორებლად. იგივეს ვუსურვებ საქართველოს: მეტ 15%-იან პარტიას, რომელიც მზად იქნება თანამშრომლობისათვის და ასახავს მრავალფეროვან საზოგადოებას“.

„პირატები“, რომლის წევრიც არის მარკეტა გრეგოროვა, 2021 წლის შემოდგომაზე ჩატარებული არჩევნების შედეგად არის 5-პარტიიან მთავრობაში.

კერძოდ, ჩეხეთის მთავრობას აკომპლექტებს კონსერვატიული (SPOLU – „სამოქალაქო დემოკრატები“ და „ქრიასტიან-დემოკრატები“) და ლიბერალური (PirSTAN – „პირატები“, „მერები“ და „დამოუკიდებლები“) ალიანსების გაერთიანება.

რაც შეეხება „დამარცხებულ ოლიგარქს“, რომელსაც გრეგოროვა ახსენებს,  საუბარია მილიარდერ ანდრეი ბაბიშზე, ყოფილ პრემიერ-მინისტრზე (2017-21 წლებში), რომელსაც ადანაშაულებენ  2007 წელს ევროკავშირის მიერ მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად გამოყოფილი სუბსიდიების გამოყენებაში თავისი ჰოლდინგისთვის. ბაბიში ამჟამად ელოდება სასამართლო პროცესს, რომელიც 2022 წლის სექტემბერშია ჩანიშნული.


ევროპარლამენტმა 9 ივნისს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდა ევროპულ საბჭოსა და პარტნიორებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ.

რაც შეეხება საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს.

საბოლოოდ, ევროპულმა საბჭომ ამ ეტაპზე საქართველოს არ მიანიჭა კანდიდატის სტატუსი, თუმცა განაცხადა, რომ ამ საკითხს დაუბრუნდება მას შემდეგ, რაც ქვეყანა 12 გაწერილ კრიტერიუმს დააკმაყოფილებს, საამისოდ კი ვადა ქვეყანას წლის ბოლომდე აქვს.

რამდენიმე თვეა, „ქართული ოცნების“ ლიდერები ღიად უპირისპირდებიან ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებს.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი