ახალი ამბები

კობახიძე ცრუობს და ცდილობს ევროპული პერსპექტივა შორეულ მომავლად წარმოაჩინოს – აქუბარდია

28 ივნისი, 2022 • 604
კობახიძე ცრუობს და ცდილობს ევროპული პერსპექტივა შორეულ მომავლად წარმოაჩინოს – აქუბარდია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, თოენა აქუბარდიას თქმით, ირაკლი კობახიძე ცდილობს, ევროპული პერსპექტივა შორეულ მომავლად წარმოაჩინოს, რომ ხალხმა მათ რეფორმების გატარება არ მოსთხოვოს.

მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო დროს ქვეყნის მიერ რეფორმების გატარების ტემპი განსაზღვრავს და არა ევროკავშირი.

„[ირაკლი] კობახიძე ცრუობს, როცა ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსი არაფერს იძლევა და 15 წელზე მეტი სჭირდება ევროკავშირის წევრობას. იმიტომ, რომ არსებობს კონკრეტული მაგალითები, როცა 8-დან 10 წელში მოახერხეს ქვეყნებმა ევროკავშირის წევრობა და ეს დამოკიდებულია რეფორმებზე და არა ევროკავშირზე. შესაბამისად, ეს განცხადებები არის გაკეთებული იმისთვის, რომ ევროპული პერსპექტივა შორეულ მომავლად წარმოაჩინონ, რათა ხალხის მხრიდან არ ჰქონდეთ იძულება, რომ მოთხოვნები აღასრულოს. ამ ვადის ხელოვნურად გაწელვა იწვევს ფრუსტრაციას დასავლეთის მიმართ და აძლიერებს რუსეთის გავლენებს.

„ქართული ოცნების“ ტაქტიკაა, რომ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ანტიდასავლური რიტორიკა გააძლიეროს, რეფორმების წინსვლა გაყინოს და ამით რუსეთის ინტერესებს მოემსახუროს. ეს არის სამწუხარო რეალობა და მათ შორის კონსტიტუციის წინააღმდეგ სვლაც, სადაც გვიწერია, რომ ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა ღონე უნდა იხმარონ კონსტიტუციურმა ორგანოებმა“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსთან“ განაცხადა, რომ კონკრეტული ქვეყნებისთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი წლების განმავლობაში,  მინიმუმ 14-15 წელიწადი, მიმდინარეობს და, შესაბამისად, “განსაკუთრებული საჩქარო არაფერია”.

ამასთან, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით საქართველოს კონკრეტული გაწერილი ვადები აქვს და წელს თუ არა, “როცა იქნება”, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი