ახალი ამბები

“საჩქარო არაფერია” – კობახიძე EU-ში გაწევრიანების პროცესზე

27 ივნისი, 2022 • 879
“საჩქარო არაფერია” – კობახიძე EU-ში გაწევრიანების პროცესზე

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კონკრეტული ქვეყნებისთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი წლების განმავლობაში მიმდინარეობს, შესაბამისად, “განსაკუთრებული საჩქარო არაფერია”. ამის შესახებ კობახიძემ დღეს, 27 ივნისს “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.

“ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა საუკუნის შუამდე გახდება ევროკავშირის წევრი. ანუ 28 წლით განსაზღვრა დღეიდან უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივა. გარდა ამისა, ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილებაც აჩვენებს, რომ მინიმუმ სადღაც 14-15 წელიწადი სჭირდება გაწევრიანებას, შესაბამისად, აქ რაღაც განსაკუთრებული საჩქარო არაფერია. ჩვენ გვაქვს კონკრეტული დღის წესრიგი, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმება არის საჭირო და დღეს ვართ 45%-ზე, 70%-ზე ავდივართ 2 წელწადში, 100%-ზე – მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში”, – თქვა კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას გულისხმობდა კობახიძე სიტყვებში “საჩქარო არაფერია”, ხომ არ ნიშნავდა ეს, რომ თუ საქართველო ევროკომისიის მიერ ქვეყნისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებას 6 თვეში ვერ მოასწრებს, მმართველი პარტიის თავმჯდომარე “ამაში ტრაგიკულს ვერაფერს” ხედავს, კობახიძემ უპასუხა:

“ჩვენ ყველაფერს შევასრულებთ [6 თვეში]. ჩვენ გვაქვს დღის წესრიგი და გავყვებით ყველა პუნქტს. ყველაფერი შესრულდება, რა თქმა უნდა”.


23 ივნისს ევროპულმა საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ თანმხლები პირობებით, საქართველოს კი არა. სამივე ქვეყნის შემთხვევაში ევროპულმა საბჭომ მათი ევროპული პერსპექტივა აღიარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი