ახალი ამბები

წელს არ გავხდებით, გაისად გავხდებით, როცა იქნება, ხომ აუცილებლად გავხდებით კანდიდატი – კობახიძე

28 ივნისი, 2022 • 1083
წელს არ გავხდებით, გაისად გავხდებით, როცა იქნება, ხომ აუცილებლად გავხდებით კანდიდატი – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით საქართველოს კონკრეტული გაწერილი ვადები აქვს და წელს თუ არა, “როცა იქნება”, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” ეთერში საუბრისას 27 ივნისს განაცხადა.

მისი მტკიცებით, კანდიდატის სტატუსს არავითარი ფინანსური სარგებელი არ მოაქვს ქვეყნისთვის და მას პოლიტიკური დატვირთვა აქვს:

“[ევროპულ პერსპექტივასა და სტატუსს შორის] ფინანსური და მატერიალური კუთხით ნული განსხვავებაა. ნული განსხვავებაა ზუსტად. ერთი და ორი კი არა, ნული განსხვავებაა. რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი, მნიშვნელოვანი პოლიტიკური განსხვავება, მაგრამ ფინანსური და მეტარიალური, რაზეც ყალბ კამპანიას აგებენ, არის ზუსტად ნული…

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საზოგადოებამ რომ იცოდეს, აბსოლუტურად ნულია წახალისება თუ დანაკარგი, რაც უკავშირდება კანდიდატის სტატუსს, არც ვიზა ამერიკაში, არც… ყველაფერი სიყალბეა. პოლიტიკური დატვირთვა აქვს. საბოლოო ჯამში, ჩვენ ხომ გვაქვს რაღაც გაწერილი ვადები და წელს არ გავხდებით, გაისად გავხდებით, როცა იქნება, ხომ გავხდებით აუცილებლად კანდიდატი. წევრობას რაც შეეხება, წევრობა მინიმუმ 15-წლიანი პერსპექტივაა…”, – განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, უშვებს თუ არა კობახიძე შესაძლებლობას, რომ წელს ვერ მიიღებს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, კობახიძემ უპასუხა:

“წლის ბოლომდე, დეკემბრის ბოლოს უნდა წარვადგინოთ და მერე ამის განხილვა გაისად ხდება, როგორც არის, მაგრამ მთავარია, რომ კანდიდატის სტატუსი არის მხოლოდ პოლიტიკური წახალისება”.

კობახიძის თქმით, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო 2-3 დღეში შეიკრიბება, რის შემდეგაც მოსახლეობას ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით წარუდგენენ კონკრეტულ გეგმას “თავისი პასუხისმგებელი სუბიექტებით და თავისი ვადებით”.


23 ივნისს ევროპულმა საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ თანმხლები პირობებით, საქართველოს კი არა. სამივე ქვეყნის შემთხვევაში ევროპულმა საბჭომ მათი ევროპული პერსპექტივა აღიარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი