ახალი ამბები

ბოკერია: არასერიოზული და საზიანოა, ნებისმიერი ჯგუფის მიერ, საკუთარი თავის მთავრობად დანიშვნის იდეა

25 ივნისი, 2022 • 1347
ბოკერია: არასერიოზული და საზიანოა, ნებისმიერი ჯგუფის მიერ, საკუთარი თავის მთავრობად დანიშვნის იდეა

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ დღევანდელ რეალობაში სამოქალაქო პროტესტს პარტიული კუთვნილების არმქონე აქტიური მოქალაქეები უნდა ჩაუდგნენ სათავეში, თუმცა აცხადებს, რომ ქვეყნის მართვა, მხოლოდ თავისუფალი არჩევნების შედეგად არჩეულ მთავრობას შეუძლია.

გიგა ბოკერია დღეს, 25 ივნისს გაკეთებული ამ განცხადებით გამოეხმაურა აქციის “შინ ევროპისკენ” მოთხოვნებს. მან ასევე განაცხადა, რომ ნებისმიერი ჯგუფის მიერ საკუთარი თავის მთავრობად დანიშვნის იდეა არასერიოზული და საზიანოა:

“დღევანდელ ვითარებაში ლოგიკური და მიზანშეწონილია, რომ სამოქალაქო პროტესტს პარტიული კუთვნილების არმქონე აქტიური მოქალაქეები ჩაუდგნენ სათავეში.
ასევე შესაძლებელია, ამ ფიგურების მონაწილეობით, ფართო კონსენსუსის საფუძველზე ე. წ. ტექნიკური, დროებითი მთავრობა შეიქმნას და თავისუფალი არჩევნების ჩატარება დაევალოს, მას შემდეგ, რაც საყოველთაო პროტესტი ივანიშვილის რეჟიმს მოარყევს.

მაგრამ ქვეყნის მართვა, ძალაუფლების განხორციელება, ქვეყნის ტრანსფორმაცია მხოლოდ თავისუფალი არჩევნების შედეგად ამომრჩევლების მანდატის მქონე მთავრობას, ანუ დემოკრატიული არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ დამტკიცებულ გუნდს შეუძლია.

არასერიოზული და საზიანოა, ნებისმიერი ჯგუფის მიერ, საკუთარი თავის მთავრობად დანიშვნის იდეა. ეს ეწინააღმდეგება ლიბერალური დემოკრატიის საფუძველს და არც საპროტესტო მოძრაობის გაფართოებას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, ნებისმიერ ჯგუფს, ვისაც ქვეყნის მართვაში მონაწილეობის “ჯანსაღი ამბიცია” აქვს, ამომრჩევლების მხარდაჭერაც უნდა მოიპოვოს. ამასთან, ბოკერია აცხადებს, რომ ქართულმა საზოგადოებამ უნდა შექმნას ისეთი ვითარება, რომ “ქართული ოცნება” “ძალაუფლების დათმობას შეეგუოს”. ბოკერიას განმარტებით, “ევროპული საქართველო” სწორედ ამაზეა ორიენტირებული.


აქციის „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორებმა გუშინ, 24 ივნისს, გამართულ მასშტაბურ აქციაზე წამოაყენეს მთავარი მოთხოვნა – ერთი კვირის ვადაში გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც შეასრულებს ევროკავშირის 12 მოთხოვნას, სანამ ზამთარი მოვა“.

„სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა თქვა, რომ 3 ივლისს საქართველოს ყველა რეგიონიდან დაიძვრება ხალხი და პარლამენტთან გაიმართება კიდევ ერთი აქცია.

„და დავრჩებით აქ და არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია!“ — თქვა შოთა დიღმელაშვილმა.

დიღმელაშვილის თქმით, საქართველოს დეოლიგარქიზაცია ვერ მოხდება, თუ არ გადადგება მთავრობა. ასევე, დეოლიგარქიზაციის გარეშე საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი

მასალების გადაბეჭდვის წესი