ახალი ამბები

ევროვიზია 2023 უკრაინაში აღარ ჩატარდება

23 ივნისი, 2022 • 812
ევროვიზია 2023 უკრაინაში აღარ ჩატარდება

ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება, 2023 წლის ევროვიზია უკრაინაში არ ჩაატარონ.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ წინა წლის კონკურსში გამარჯვებულ ქვეყანაში უსაფრთხოების ზომების გამო ვერ ჩაატარებენ და აღნიშნავენ, რომ გარდა ამისა, მზადება მასპინძელ ქვეყანაში ღონისძიების გასამართად დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს, რაც ომის გამო შეუძლებელია.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის განცხადებით, მუსიკალური კონკურსის პერსონალის და აკრედიტებული ჟურნალისტების რაოდენობა, როგორც წესი, 10 000-ს აღწევს, ამის გარდა კი 30 000-ზე მეტს სტუმარს ელოდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. შესაბამისად, მათი უსაფრთხოება ორგანიზატორებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

EBU ასევე აცხადებს, რომ ასევე გადაწყვეტილების მიღებისას კრიტიკულია „ასეთი კომპლექსური ღონისძიება, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა, სამაუწყებლო სფეროს პროფესიონალებმა მართონ და პოლიტიზებული არ გახდეს“.

2022 წლის ევროვიზიის გამარჯვებული გახდა უკრაინული ჯგუფი Kalush Orchestra სიმღერით Stefania. შესაბამისად, მომდევნო წლის ფესტივალისთვისაც უკრაინას უნდა ემასპინძლა.

ოფიციალურ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღონისძიება შესაძლოა დიდ ბრიტანეთში ჩატარებულიყო, რამდენადაც კონკურსში მეორე ადგილზე სწორედ ამ ქვეყნის წარმომადგენელი გავიდა. მაშინ უკრაინის კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ღონისძიების ორგანიზატორები ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, კიევი მას გაასაჩივრებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი