ახალი ამბები

შექმენით ევროპა, სადაც იქნება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ადგილი — ვიოლა ფონ კრამონი

22 ივნისი, 2022 • 631
შექმენით ევროპა, სადაც იქნება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ადგილი — ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს, აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა მომავალი ევროპის შექმნაზე, სადაც ადგილი ექნება დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს.

ამის შესახებ კრამონმა ევროპარლამენტში გამართული დებატებისას განაცხადა.

„უკრაინა ორივეს — ევროპას და საკუთარ თავს — სისხლით იცავს პუტინის იმპერიალისტური ეშმაკისგან. მოლდოვამ მიიღო ათასობით ლტოლვილი და ახლა განიცდის დიდ ეკონომიკურ წნეხს, გამოწვეულს ომით. საქართველო იყო პირველი რეგიონში, რომელიც დაისაჯა რუსეთის მიერ მისი ლეგიტიმური სურვილის გამო, გამხდარიყო ევროპული. ამ კონტინენტის მომავალს ახალი ფორმა მიეცემა — ან ჩვენი ფასეულობების მიხედვით, ან პუტინის წესებით. ეს არის დრო, როდესაც ევროკავშირი საუბრობს ძალის ენით და გეოპოლიტიკური მდგრადობის დემონსტრირებას ახდენს“, — გაანცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

მან ასევე დააფიქსირა ერთგულება დასავლეთ ბალკანეთის ევროინტგერაციისადმი.

„ევროპა არ იქნება სრულყოფილი, თუ ჩვენ არ გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს ახლა მათი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. მოვუწოდებ ყველა ევროპელ ლიდერს, აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გამოძერწონ ხვალინდელი ევროპა, სადაც დასავლეთ ბალკანეთს, ისევე როგორც უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს აქვთ ადგილი“, — დასძინა ვიოლა ფონ კრამონმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი