ახალი ამბები

„დეზინფორმაციაა“ – დავით არახამია ღარიბაშვილის ბრალდებას პასუხობს

22 ივნისი, 2022 • 5721
„დეზინფორმაციაა“ – დავით არახამია ღარიბაშვილის ბრალდებას პასუხობს

უკრაინელი პოლიტიკოსი დავით არახამია, რომელიც დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა დაადანაშაულა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საბოტაჟში, პრემიერ-მინისტრს პასუხობს.

არახამიას თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი დეზინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა დაეხმაროს საქართველოს, გახდეს ევროკავშირის წევრი და ამბობს, რომ ამჟამად ქართველი ხალხი ერთი პრორუსი ოლიგარქის ტყვეობაშია, რომელსაც მარიონეტული ხელისუფლება ჰყავს:

„გამარჯობა, საქართველო. მინდა ჩავწერო ეს ვიდეო, რათა გავაბათილო ის ღია დეზინფორმაცია, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ავრცელებს. სულ ცოტა ხნის წინ მან პარლამენტში განაცხადა, თითქოს მე დავდიოდი ევროპასა და აშშ-ში და ვარწმუნებდი, არ მიეღოთ საქართველო ევროკავშირში, უფრო ზუსტად, კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინათ. პირველ რიგში, არახამია ევროპაში არ ყოფილა.

მეორე, აშშ-ში არახამია კონკრეტულად დაკავებული იყო, ჩამოეყალიბებინა კონცეფცია იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი არის პრორუსი ოლიგარქი. რომელსაც ჰყავს მარიონეტული ხელისუფლება, რომელიც თავის მხრივ ფეხს უდებს ქართველ ხალხს. რამდენიმე დღის წინ ჩატარებულმა მრავალრიცხოვანმა მიტინგმა ცხადად აჩვენა, რომ ქართველები ევროპის ნაწილი არიან, ყველას სურს იყვნენ ევროკავშირის წევრები.

ჩვენ, როგორც უკრაინის ხელისუფლება, მაქსიმალურად დავეხმარებით საქართველოს, გახდეს ევროკავშირის წევრი და არ მიაქციოთ ყურადღება საქართველოს ხელისუფლების დეზინფორმაციას, ამ შემთხვევაში -პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებულ ფეიკებს, რომელიც ავრცელებს დაუსაბუთებელ ინფორმაციას უბრალოდ ერთი ოლიგარქის დაკვეთით. ძალიან სამწუხაროა, რომ მთელი საქართველო, მთელი მისი მოსახლეობა, რომელმაც ჩვენი ლტოლვილები შეიფარა, ბევრი ქართველი ჩვენ მხარეს იბრძვის რუსი აგრესორის წინააღმდეგ, დღეს ერთი ოლიგარქის მძევალი გახდა. ამიტომ, ქართველებო, გაუძელით, მჯერა, დიდი მომავალი გველის ევროპის შიგნით“, – ამბობს დავით არახამია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, ვინც ევროპაში ითხოვდა, საქართველოს არ მიეღო ევორკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, უკრაინის რადის დეპუტატი და მმართველი პარტიის ფრაქციის ლიდერი დავით არახამიაა.

ღარიბაშვილის თქმით, ეს ინფორმაცია მას ევროპელი და ამერიკელი კოლეგებისგან აქვს:

„ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და მათი [ოპოზიციის] პარტნიორი, რომელიც ევროპაში და ამერიკაში, ეს მე ვიცი ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგებისგან, რომელიც დაჟინებით ითხოვდა არ მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსი, თქვენთან ერთად, ძვირფასო ოპონენტებო, იყო უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი ბატონი არახამია, რომელიც თქვენი მეგობარია.

პრაქტიკულად ულტიმატუმი წაუყენეს ევროპას, თუ საქართველო მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, ძალიან გულდაწყვეტილები დარჩებოდნენ. ეს ყველაფერი ამათ ძალიან კარგად იციან. ჩვენ საჯაროდ მოვისმინეთ- ბატონი არახამია, ქართული გვარის მატარებელი, გამოდის სამარცხვინო ბრალდებებით. მაგალითად, ბრალი დაგვდეს მათმა მეგობრებმა უკრაინაში, თითქოს ჩვენ, მთავრობა ვავალებთ სპეცსამსახურებს და ვეხმარებით რუსულ სანქცირებულ კომპანიებს. დღემდე არცერთი ფაქტი არ წარმოგიდგენიათ ეს არის მტრობა ქვეყნის, სად არის თქვენი რეაქცია, სად არის თქვენი პარტნიორობა?“ – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი