ახალი ამბები

უკრაინის უმაღლესი რადა სააკაშვილის შეწყალებას ითხოვს – პროექტი

14 ივლისი, 2023 • 2925
უკრაინის უმაღლესი რადა სააკაშვილის შეწყალებას ითხოვს – პროექტი

უკრაინის უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა მიმართვის პროექტი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალების ან სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ.

პროექტის თანახმად, რადა მიმართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პარლამენტს, ასევე, ევროპარლამენტს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, გაეროს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას, BSEC-ისა და სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეებს.

პროექტის თანახმად, უკრაინის უმაღლესი რადა მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს, წვლილი შეიტანონ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის დმიტრო ლუბინეცის სააკაშვილთან დაშვებაში. ასევე, სალომე ზურაბიშვილს თხოვნით მიმართავს, შეიწყალოს სააკაშვილი ან ხელი შეუწყოს მის სამკურნალოდ გადაყვანას სხვა ქვეყანაში.

ევროკავშირის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პარლამენტებს რადა მოუწოდებს, მიიღოს შესაბამისი რეზოლუციები სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის ხელშესაწყობად.

მიმართვა 90-მდე დეპუტატის მიერ არის ინიციირებული, რომელთა შორისაა სახელისუფლებო ფრაქციის ლიდერი დავით არახამია.

პროექტი 13 ივლისს არის რეგისტრირებული და მისი კენჭისყრა ჯერჯერობით არ შემდგარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი