ახალი ამბები

საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად – არახამია

9 ნოემბერი, 2023 • 1502
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად – არახამია

უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი დავით არახამია ევროკომისიის შეფასებას ეხმაურება და საქართველოს ულოცავს კანდიდატის სტატუსის მისაღებად დადებითი რეკომენდაციის მიღებას.

არახამის თქმით, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად.

„ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მიღებულ დადებით რეკომენდაციას. ეს ისტორიული შედეგი ქართველი ხალხის ურყევი ნებისა და თავისუფლებისთვის მუდმივი ბრძოლის დამსასურებაა. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად“, – ვკითხულობთ არახამიას Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.


ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. თუმცა, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა:

„კომისიის რეკომენდაციაა, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი დათქმით, რომ მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს რეფორმების კუთხით“.

ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკომისია მხარს უჭერს ქართველთა უმრავლესობის გულწრფელ სურვილს ევროკავშირში გაწევრებაზე.

„კომისია აცნობიერებს, რომ გადაიდგა პოზიტიური ნაბიჯები – ოპოზიციის ზედამხედველობა პარლამენტში გაიზარდა, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღეს, შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო“, – ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი