დეპუტატი მარიამ ლაშხი მადლობას უხდის ირაკლი ღარიბაშვილს მოთმინებისთვის. ლაშხმა ეს განაცხადა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო.
ღარიბაშვილმა არაერთხელ მოიხსენია ოპოზიციის წევრები შეურაცხმყოფელი სიტყვებით, მათ შორის რამდენჯერმე ახსენა, რომ მათ „ექიმი სჭირდებათ“ და უწოდა „საცოდავები“. თავის მხრივ, ოპოზიცია მას „სამარცხვინოდ“ მოიხსენიებდა.
„ბატონო ირაკლი, მინდა, პირველ რიგში, მადლიერებით დავიწყო იმ თმენისთვის და მტკიცედ ჩვენი ეროვნული ინტერესის დაცვისთვის. სულ ოდნავ პოპულისტური პრემიერი რომ გვყოლოდა, დღეს ჩვენი მოსახლეობა ძალიან ცუდ დღეში იქნებოდა“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.
რაც შეეხება მის კითხვას, ის ეხებოდა ეკონომიკურ ჰარმონიზაციას – „კერძოდ, ინოვაციების, სტარტაპებისა და ტურიზმის მიმართულებით“. მან სთხოვა პრემიერს, საზოგადოებისთვის ემცნო ამ კუთხით გაწეულ შრომაზე.
დღეს, 22 ივნისს, ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წინ ანგარიშით უნდა წარმდგარიყო. თუმცა ამის ნაცვლად ეს დრო გავიდა ძირითადად ოპოზიციასთან პოლემიკაში.
მისი რამდენიმე განცხადება დღევანდელი სხდომიდან იხილეთ აქ:








