ახალი ამბები

ვიმედოვნებთ, რომ ევროპული პერსპექტივა საბჭოზე დაკანონდება – ღარიბაშვილი

22 ივნისი, 2022 •
ვიმედოვნებთ, რომ ევროპული პერსპექტივა საბჭოზე დაკანონდება – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას ევროპული საბჭოც აღიარებს. ამის შესახებ მან დღეს, 22 ივნისს, პარლამენტში სამთავრობო ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიცია ხელს უშლიდა, რომ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი და ამ მხრივ, „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი გამოყო და ქვეყნის მოღალატე უწოდა.

თუმცა, ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციის მცდელობების მიუხედავად, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროპულ პერსპექტივას გაუჭირა რეკომენდაცია და ამით გონიერება გამოავლინა.

„ჩვენ როგორ წარმოგვიდგენია ამ პროცესის მართვა – ჩვენ ველოდებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას. დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპული პერსპექტივა, რომელიც არის ისტორიული ჩანაწერი, დაკანონდება და დამტკიცდება ევროპული საბჭოს მხრიდან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ ისტორიაში ევროპული საბჭოს მიერ ევროკომისიის გადაწყვეტილების შეცვლის შემთხვევა იშვიათია, ასეთი პრეცედენტი მაინც არსებობს, მაგალითად, 1976 წელს საბერძენეთის შემთხვევაში. როცა ევროპულმა საბჭომ ევროკომისიის გადაწყვეტილება შეცვალა.

ოპოზიციის წარმომადგენლების და ანალიტიკოსების თქმით, ევროპული საბჭოს გამართვამდე დარჩენილი დრო მთავრობას უნდა გამოეყენებინა და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის ლობირებაზე დაეხარჯა. თუმცა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის არც პრემიერ-მინისტრი და არც საგარეო საქმეთა მინისტრი, ბოლო ერთ კვირაში, ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში არ ჩასულან. ბოლო ვიზიტით პრემიერი და  საგარეო საქმეთა მინისტრი ყატარში იმყოფებოდნენ.


17 ივნისს ევროკომისიამ მხარი დაუჭირა მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, თუმცა – პირობებით. რაც შეეხება საქართველოს – კანდიდატის სტატუსი ჯერ არ იქნება, თუმცა იქნება პირობები, რომელთა წარმატებით შესრულების შემდეგაც, ევროკომისია მოუბრუნდება საქართველოს საკითხს.

საბოლოო გადაწყვეტილება კი ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს, რომელიც 23-24 ივნისს შეიკრიბება.

რას ნიშნავს და რა განსხვავებაა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის სტატუსებს შორის | ამხსნელი

მასალების გადაბეჭდვის წესი