ახალი ამბები

„ევროპელი სოციალისტები“ საქართველოსა და უკრაინის EU-ში დაჩქარებულ გაწევრიანებას ითხოვენ

1 მარტი, 2022 • 1406
„ევროპელი სოციალისტები“ საქართველოსა და უკრაინის EU-ში დაჩქარებულ გაწევრიანებას ითხოვენ

„ევროპელი სოციალისტები“ უკრაინის მიმართ სრულ მხარდაჭერას გამოხატავენ და საქართველოსა და უკრაინის დაჩქარებული წესით ევროკავშირში მიღებას ითხოვენ.

„ეს ომი უკრაინელი ხალხისთვის არის წმინდათაწმინდა სამამულო ომი, რომელშიც საკუთარი სამშობლოსა და ხალხის სიცოცხლის დასაცავად იბრძვიან. უკრაინისთვის ამ ძნელბედობის ჟამს, მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოებისა და ქვეყნების მიერ უკრაინის მხარდამჭერ მთელ რიგ ქმედებებთან ერთად, უპირველესი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სიტუაციაში იქნება მებრძოლი უკრაინისა და საქართველოს დაჩქარებული პროცედურებით ევროკავშირში მიღება“, — ნათქვამია „ევროპელი სოციალისტების“ განცხადებაში, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დავით ზილფიმიანმა წაიკითხა.

პარტია მოუწოდებს როგორც ევროპულ საზოგადოებას, ისე საქართველოს ხელისუფლებას, რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგან ამ მიმართულებით.

„რატომ 2024 წელი, რატომ არ შეიძლება, უფრო სწრაფად დავიწყოთ ამის კეთება?“ — კითხულობს დავით ზილფიმიანი ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, უკრაინამ არა მხოლოდ თავად მოიხსნა 2014 წელს დამარცხებულის სინდრომი, არამედ საქართველოც გაათავისუფლა დამარცხებულის კომპლექსისგან.

საქართველოს ხელისუფლებას გაცხადებული აქვს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალურ განაცხადს 2024 წელს გააკეთებს. გუშინ, 28 თებერვალს უკრაინამ გააკეთა განაცხადი ევროკავშირში დაჩქარებული პროცედურით გაწევრიანებაზე. საქართველოს ხელისუფლებას არ დაუფიქსირებია ცალსახა პოზიცია, ახალი რეალობის გათვალისწინებით, დააჩქარებს თუ არა განაცხადის გაკეთებას. საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თქვა, რომ საქართველოს გეგმები და ქმედებები 2024 წელზეა გათვლილი.

პარტია „ევროპელი სოციალისტები“ შექმნეს „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილმა წევრებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მალევე, მას შემდეგ, რაც „პატრიოტთა ალიანსმა“ არჩევენბის შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი