ახალი ამბები

VTB-ს ხელმძღვანელი: საქმიანობას მხოლოდ საქართველოში ვწყვეტთ

20 ივნისი, 2022 • 848
VTB-ს ხელმძღვანელი: საქმიანობას მხოლოდ საქართველოში ვწყვეტთ

VTB ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ანდრეი კოსტინი „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ბანკი საქმიანობას მხოლოდ საქართველოში წყვეტს, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, ყაზახეთში, ჩინეთსა და ინდოეთში კი რჩება:

„ჩვენს შვილობილ ბანკებს არსად ვყიდით ერთი შემთხვევის გარდა. პრინციპული პოზიცია გვაქვს, ყველგან ვრჩებით. მხოლოდ საქართველოდან გავდივართ, სადაც სიტუაცია განსხვავებულია. თუმცა ვრჩებით სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, ყირგიზეთში, ჩინეთსა და ინდოეთში. ვავითარებთ თანამშრომლობას ეროვნულ და ლოკალურ ბანკებთან. ჩვენ ვხედავთ ჩვენი ბიზნესის განვითარებას ამ ქვეყნებში“ ,- აცხადებს VTB ბანკის აღმასრულებელი დირექტორი.

გამოცემა წერს, რომ სანქციებამდე VTB გრუპი 20-მდე ფინანსურ ორგანიზაციას აერთიანებდა, რომელთა აქტივები 2022 წლის დასაწყისში 20.9 ტრილიონ რუბლს მოიცავდა.

მას შემდეგ, რაც რუსული ბანკებს, მათ შორის VTB ჯგუფს დასავლური სანქციები დაუწესდათ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება, რომ ბანკის მეანაბრეებისა და მომხმარებლების ინტერესების დასაცავად, დამატებითი ლიკვიდურობის საჭიროების შემთხვევაში, სებ-ი მზად იყო, ბანკი შესაბამისი ფინანსური რესურსით უზრუნველეყო.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ VTB ჯგუფ ჯორჯიას არსებულ სასესხო და სადეპოზიტო პორტფელს „ბაზისბანკი“ ყიდულობდა. VTB ამ გადაწყვეტილებას კი ხსნიდა საკუთარი დეპოზიტარების და მომხმარებლების ინტერესების დაცვით.

მასალების გადაბეჭდვის წესი