ახალი ამბებირეკლამა

გიორგი შარვაშიძე: ფინალური გამოცდები  3 საგამოცდო ცენტრში დაიწყო – თბილისში, ქუთაისსა და ახალციხეში

20 ივნისი, 2022 • 613
გიორგი შარვაშიძე: ფინალური გამოცდები  3 საგამოცდო ცენტრში დაიწყო –  თბილისში, ქუთაისსა და ახალციხეში

,,ფინალური გამოცდების ფორმატი არ შეიცვლება, გამოცდები დაიწყება 20 ივნისიდან 3 საგამოცდო ცენტრში: თბილისში, ქუთაისსა და ახალციხეში’’ – ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. 

შეხვედრა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, პროფესურასა და პროტესტის მონაწილე სტუდენტებს შორის 17 ივნისს შედგა. ფინალური გამოცდების ფორმატი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. სტუდენტები მოითხოვენ მიმდინარე სემესტრის ფინალური გამოცდების ონლაინ-რეჟიმში ჩაბარებას. 

უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, ,,უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის მიზანია ხელი შეუწყოს  ყველა სტუდენტის ჩართულობას საგამოცდო პროცესში, მნიშვნელოვანია არაპანდემიურ ვითარებაში სტუდენტთა ცოდნის ობიექტური შეფასებისა და მათთვის თანასწორი პირობების უზრუნველყოფა. სტუდენტებს, რომლებსაც დამატებით საგამოცდო ცენტრებში გადაადგილების ან დედაქალაქში დაყოვნების პრობლემა აქვთ, ან ამჟამად ცხოვრობენ ლისისა და ბაგების საერთო საცხოვრებლებში, საგამოცდო პერიოდში საერთო საცხოვრებელში განთავსება უფასოდ შეეძლებათ”. 

როგორც გიორგი შარვაშიძემ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ობიექტური გარემოებების გამო ვერ ახერხებს საგამოცდო პროცესში მონაწილეობას, მას  მიეცემა საშუალება მიმართოს თავისი ფაკულტეტის ადმინისტრაციას. „ყველა ასეთი მიმართვა ინდივიდუალურად განიხილება და შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში ფაკულტეტი სტუდენტებს შესთავაზებს გამოცდის გადატანას სექტემბერში. შესაბამისად, სტუდენტთა გარკვეულ ნაწილთან დაკავშირებული სირთულეებიც მოიხსნება’’ – განაცხადა შარვაშიძემ. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი