ახალი ამბები

გახარიას გუნდის გეგმა ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად

17 ივნისი, 2022 • 1911
გახარიას გუნდის გეგმა ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად

გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას სთავაზობს გეგმას, რომლის აღსრულების დაუყოვნებლივ დაწყება, მათი აზრით, პირდაპირ უპასუხებს ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის დასკვნის მოთხოვნებს და გადაარჩენს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

გახარიას გუნდის გეგმის მიხედვით:

  • შეიქმნას საგანგებო სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო და აუცილებელი სრული პროცესის, მათ შორის, ხელისუფლების შტოების (პარლამენტი, პრეზიდენტი, მთავრობა), ასევე, სამოქალაქო სექტორის მუშაობის კოორდინაციას.
  • შეიქმნას საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც დაადგენს გენერალური პროკურორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების პარლამენტის მიერ არჩევას სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს შორის პოლიტიკური კონსენსუსით – პარლამენტის სრულის შემადგენლობის 2/3-ით, ნაცვლად სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩევისა.
  • მიღებულ იქნეს შესაბამისი საკანონმდებლო და პრაქტიკული ზომები სამართალდამცავ უწყებებზე და უსაფრთხოების სექტორზე ქმედითი საპარლამენტო კონტროლის უზრუნველსაყოფად.
  • შეიქმნას პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური, რომლის ხელმძღვანელი აირჩევა განსაზღვრული ვადით (რომელიც არ დაემთხვევა საპარლამენტო არჩევნების ციკლს), სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს შორის პოლიტიკური კონსენსუსით – პარლამენტის სრულის შემადგენლობის 2/3-ით. კორუფციული დანაშაულის გამოძიების ფუნქცია ჩამოერთვას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, გენერალურ პროკურატურას და იუსტიციის სამინისტროს და ყველა სახის კორუფციული დანაშაულის, მათ შორის ელიტური კორუფციის, ამომრჩევლის მოსყიდვის და არჩევნებთან დაკავშირებული სხვა კორუფციული დანაშაულის, გამოძიების უფლებამოსილება გადაეცეს დამოუკიდებელ ანტიკორუფციულ სამსახურს.
  • დაიწყოს მუშაობა ეკონომიკური მმართველობის ჩარჩოს გაძლიერებაზე, რომელიც გულისხმობს სამართლიანი და თანაბარი შესაძლებლობების ეკონომიკური გარემოს უზრუნველყოფას მოქალაქეებისა და მეწარმეებისთვის. შეიქმნას საშუალოვადიანი ეკონომიკური რეფორმების ჩარჩო, რომელიც შესაბამისი იქნება სტატუსის მიღების შემდგომ EU-ის ფინანსური მხარდაჭერის პრიორიტეტებთან და გადაჭრის ისეთ სტრუქტურულ გამოწვევებს, როგორიცაა უმუშევრობის მაღალი დონე, დაბალი უცხოური ინვესტიციები და კონკურენტუნარიანობა, არასათანადო დეცენტრალიზაცია და არაეფექტიანი სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკა.
  • უზრუნველყოფილი იქნეს პარტიული პლურალიზმი საარჩევნო კომისიებში, მათ შორის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დონეზე.
  • პარლამენტში უზრუნველყოფილი იქნეს ძალაუფლების დანაწილება სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს შორის – კერძოდ, საგარეო, ევროინტეგრაციის, იურიდიულ და საპროცედურო კომიტეტებში გავაძლიეროთ ოპოზიციის როლი.
  • დაუყოვნებლივ გაკეთდეს განაცხადი მართლმსაჯულების სისტემის – სასამართლოს, პროკურატურის და პოლიციის ფუნდამენტური რეფორის დაწყებაზე და აღებულ იქნეს ვალდებულება, რომ რეფორმა განხორციელდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მართლმსაჯულების რეფორმის სახელით, წლების განმავლობაში გატარებული ღონისძიებები, საბოლოო ჯამში, ხელისუფლების ძალაუფლების გაძლიერების მიზანს მოემსახურა. შესაბამისად, ამ მხრივ, ფუნდამენტურ რეფორმებს ვერ ექნება ლეგიტიმაცია კონსტიტუციური მართვის სისტემის აღდგენამდე. თუმცა მნიშვნელოვანია დღეს ამ რეფორმებზე მუშაობის მინიმუმ დაწყება და პოლიტიკური ნების გამოვლენა.

გახარიას გუნდის მოსაზრებით, მართლმსაჯულების რეფორმა საჭიროა შემდეგი მიმართულებით:

  1. სასამართლო სისტემის ფუნდამენტური რეფორმა, რომლის მთავარი მიზანი იქნება სასამართლოში არაფორმალური ძალაუფლების წლების განმავლობაში დამკვიდრებული ლოგიკის გარდაქმნა, „გავლენის ჯგუფის“ აღმოფხვრა და არა კანონმდებლობის დეტალიზაცია. ფართო ჩართულობით მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც, პირველ რიგში, შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, როგორც ძალაუფლების ინსტრუმენტს „გავლენის ჯგუფის“ ხელში. სასამართლო სისტემის ფუნდამენტურ რეფორმამდე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ძალის ალტერნატიული ცენტრის შესაქმნელად და „გავლენის ჯგუფის“ შესასუსტებლად, დღესვე (კონსტიტუციური მართვის სისტემის აღდგენამდე) აუცილებელია: 1. პარლამენტმა დაუყოვნებლივ აირჩიოს დამოუკიდებელი 5 არამოსამართლე წევრი; 2. პარლამენტმა დაუყონებლივ მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმად, მოსამართლეთა არჩევა/დანიშვნის გადაწყვეტილება ე.წ. ორმაგი 2/3-ით (საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრების 2/3-ს) მიიღება.
  2. პროკურატურის ფუნდამენტური რეფორმა, რომლის მთავარი მიზანი იქნება საპროკურორო საბჭოში „გავლენის ჯგუფის“ აღმოფხვრა, რაც, თავის მხრივ, აღმოფხვრის საპროკურორო საბჭოს მიერ მმართველი პარტიისთვის სასურველი გენერალური პროკურორის არჩევის რისკებს. ფართო ჩართულობით მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც, მათ შორის, შექმნის ქმედით გარანტიებს ინდივიდუალური პროკურორის დამოუკიდებლობისთვის.
  3. პოლიციის ფუნდამენტური რეფორმა, რომლის ფარგლებშიც დაინერგება დამოუკიდებელი პოლიციის კონცეფცია – ერთმანეთისგან გაიმიჯნება საპოლიციო და საგამოძიებო ფუნქციები და პოლიციის ხელმძღვანელი აღარ იქნება პოლიტიკური თანამდებობის პირი, მას სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს შორის პოლიტიკური კონსენსუსით – პარლამენტის სრულის შემადგენლობის 2/3-ით აირჩევს პარლამენტი.

გიორგი გახარიას გუნდი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გეგმის განხორციელება უზრუნველყოფს 2024 წელს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, მათ შორის, კორუფციისგან და სისტემური დარღვევებისგან თავისუფალ გარემოში; კონსტიტუციური მოწყობის სისტემის აღდგენას, ძალაუფლების რეალურ დანაწილებას, დამოუკიდებელი მართლმსაჯულებას; კორუფციის (მათ შორის ელიტური კორუფციის) აღმოფხვრას, სოციალურ-ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებას; ადამიანის უფლებების პრაქტიკულ დაცვას და ამ გზით უზრუნველყოფს ქვეყნის დეოლიგარქიზაციას, ავტორიტარიზმის პრევენციას და დემოკრატიის გადარჩენას.

„მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში ამ გეგმის შესრულებაზე ერთობლივი მუშაობის დასაწყებად, რაც იქნება პირდაპირი პასუხი ევროკომისიის მოთხოვნაზე შემცირდეს პოლარიზაცია“, — აცხადებს პარტია „საქართველოსთვის“.

მასალების გადაბეჭდვის წესი