ახალი ამბები

აქცია ეროვნულ მუზეუმთან მასობრივი გათავისუფლების გასაპროტესტებლად

17 ივნისი, 2022 • 859
აქცია ეროვნულ მუზეუმთან მასობრივი გათავისუფლების გასაპროტესტებლად

თბილისში, ეროვნულ მუზეუმთან, მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირის აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები კულტურის სფეროში მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ, კულტურის სამინისტროს მიერ თანამშრომლების დათხოვნას აპროტესტებენ და წულუკიანის ქმედებებს დესტრუქციულ პროცესებად აფასებენ.

პროფკავშირის წარმომადგენლის თქმით, გეგმავენ დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის კოლექტიური დავის დაწყებას. როგორც ისინი ამბობენ, პროფკავშირებმა ასევე მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს მედიატორის გამოყოფის მოთხოვნით.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათთვის განსაკუთრებით აღმაშფოთებელია კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ ინსტიტუციებში მიმდინარე რეპრესიული, ადამიანის უფლებების შემლახველი და დაშინების პოლიტიკა და აღნიშნავენ, რომ ეს უსამართლო პროცესები სამეცნიერო, სამუზეუმო და სახელოვნებო საქმის თავისუფლებისა და სამართლიანი მართვის პროცესებს არღვევს, რაც არაეთიკურია და, საბოლოო ჯამში, საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას:

„ეს უსამართლო პროცესები, სამეცნიერო, სამუზეუმო და სახელოვნებო საქმის თავისუფლებისა და სამართლიანი მართვის პრინციპებს არღვევს, არაეთიკურია და ყველაფერთან ერთად საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას.

ამავდროულად, ჩვენთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება სტუდენტების სამართლიანი მოთხოვნები ისე უგულებელყო, რომ ამან მსხვილმასშტაბიანი კრიზისი გამოიწვიოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამიტომ ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ სტუდენტებს“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებიდან უკვე ათეულობით თანამშრომელი გაუშვეს — კურატორები, მკვლევრები, საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირები. მათი რაოდენობა ამ დროისთვის 70-ს აღწევს.
ამ პროცესს აქტივისტებმა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა უკვე შეარქვეს „ბოლშევიკური წმენდა“.

გათავისუფლებულთა შორის არიან ისეთი პროფესიის ადამიანები, რომელთა ჩანაცვლება მარტივი საქმე არ შეიძლება იყოს, თუ არა შეუძლებელი — ამაზე მეტყველებს გათავისუფლებულთა სამეცნიერო პრაქტიკა, ათეულობით წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება როგორც მეცნიერების მიმართულებით, ისე უშუალოდ სამუზეუმო სივრცეში.

მასალების გადაბეჭდვის წესი