ახალი ამბებიკომენტარი

სამართლიანი გადანაწილება იყო, ამიერიდან ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს ტემპზე — გოგოლაშვილი

17 ივნისი, 2022 • 1617
სამართლიანი გადანაწილება იყო, ამიერიდან ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს ტემპზე — გოგოლაშვილი

რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის, კახა გოგოლაშვილის შეფასებით, ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილებით საქართველოსთვის ევროკავშირში ინტეგრაციის გზა გაიხსნა, ხოლო შემდგომი წინსვლის ტემპი პირობების დაკმაყოფილებაზე იქნება დამოკიდებული.

„ვიცი, რომ ძალიან ბევრი საქართველოში იმედგაცრუებულია ევროკომისიის გადაწყვეტილებით. შეიძლება, იმედგაცრუებული ვიყოთ იმით, რომ მაგალითად, შეგვეძლო მეტი გაგვეკეთებინა, განსაკუთრებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში.  ყველა იმ შენიშვნისთვის დაგვეგდო ყური, რაც მოდიოდა ევროკავშირის მხრიდან.

პრაქტიკულად, არაფერი გავაკეთეთ ზუსტად იმ მიმართულებით, რაც ეხება პოლიტიკურ კრიტერიუმს, ანუ დემოკრატიის განვითარების ხარისხს ქვეყანაში. სწორედ ამის გამო მოხდა შეფერხება. თუმცა მე ვერაფერ ტრაგედიას ვერ ვხედავ იმაში, რომ კანდიდატს ვერ ვიღებთ ახლა  და ვიღებთ ევროპული პერსპექტივას“, — ამბობს გოგოლაშვილი.

მისი თქმით, კანდიდატის სტატუსისკენაც საქართველოსთვის გახსნილია გზა, ამ გზაზე უბრალოდ არის წინაღობები, რაც წარმოდგენილია პირობებში.

ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების დოკუმენტის თანახმად, რომელზე დაყრდნობითაც საბოლოო გადაწყვეტილება 23-24 ივნისს უნდა მიიღოს საბჭომ, უკრაინამ უნდა შეასრულოს 7, მოლდოვამ – 10, საქართველომ კი 12 პირობა, ოღონდ ამის სანაცვლოდ, საქართველო კანდიდატი ქვეყანა გახდება, ხოლო უკრაინა და მოლდოვა მოლაპარაკებების გახსნისთვის დაიწყებენ მუშაობას.

ევროკომისიის თანახმად, ქვეყნებმა უნდა განახორციელონ რეფორმები სასამართლო სისტემის, კორუფციასთან ბრძოლის, ოლიგარქიის გავლენების აღმოფხვრის, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების დაცვისა და მოქალაქეების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის წახალისების მიმართულებით.

საქართველომ დამატებით უნდა უზრუნველყოს პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარება შარლ მიშელის დოკუმენტის გზით; პლურალისტური მედიის თავისუფალი, პროფესიონალური და დამოუკიდებელი ფუნქციონირება, განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის პროცედურები შეესაბამებოდეს უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებს და აღიძრას მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიებები ჟურნალისტებზე და სხვა მედიაპროფესიონალებზე მუქარისა და [მათზე თავდასხმების] შემთხვევაში; ახალი სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა დამოუკიდებელ პირს მიენიჭოს.

„ეს იგივე პირობებია, რასაც ჩვენ გვთხოვდნენ ერთი და ორი წლის წინ. ჩამოთვლილი პირობების შესრულების შემთხვევაში, პრაქტიკულად, ავტომატურად მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. რა თქმა უნდა, თავიდან დასჭირდებათ [ევროკომისიის] დასკვნის შემუშავება და საკითხის გატანა ევროპული საბჭოს სხდომაზე, მაგრამ ეს საკმაოდ უმტკივნეულოდ და სწრაფად მოხდება.

შევასრულებთ პირობებს 6 თვეში, 6 თვეში მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, შევასრულებთ 5 წელში — 5 წელში მივიღებთ“, — ამბობს გოგოლაშვილი.

ევროკომისიამ მხარი დაუჭირა მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ახლავე და წარმოადგინა თანდართული პირობები. რაც შეეხება საქართველოს – კანდიდატის სტატუსი ჯერ არ იქნება, თუმცა იქნება პირობები, რომელთა წარმატებით შესრულების შემდეგაც, ევროკომისია მოუბრუნდება საქართველოს საკითხს.

გოგოლაშვილი იზიარებს ევროკომისიის არგუმენტებს და ამბობს, რომ ეს იყო აბსოლუტურად სამართლიანი  გადანაწილება“.

„იმის გამო, რომ ბოლო პერიოდში მოლდოვის და უკრაინის მთავრობები ძალიან მონდომებული იყვნენ შენიშვნების აღმოსაფხვრელად და პროგრესი სახეზე იყო პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, ევროკავშირში გადაწყვიტეს, რომ მათი ნდობა შეიძლება, მაგრამ იმათაც აქვთ პირობები — სანამ არ დააკმაყოფილებენ, არ გაიხსნება გაწევრიანების მოლაპარაკების პირობები და ისინიც შეფერხდებიან.

ის, რომ ჩვენ ერთი ნაბიჯით უკან ვდგავართ, ავტომარუად სულაც არ ნიშნავს, რომ მოლაპარაკებების გახსნა და გაწევრიანება ჩვენზე ადრე შეუძლიათ. ყველაფერი დამოკიდებული იქნება, ვინ რა ტემპით ივლის. შეიძლება გადაასწრო კიდეც მოლდოვას და უკრაინას“, — დასძენს გოგოლაშვილი.

მისი განმარტებით, ევროკავშირის მხრიდან არ მომხდარა ასოცირებული ტრიოს გაყოფა, თუმცა ნებისმიერ ფორმატში შეიძლება იყვნენ ერთი ნაბიჯით წინ ან უკან მდგომი ქვეყნები.

ევროკომისიის მოსაზრებებზე დაყრდნობით, საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის განაცხადებთან დაკავშირებით ევროპულმა საბჭომ 23-24 ივნისის სამიტზე უნდა მიიღოს. გოგოლაშვილი ევროკომისიის გადაწყვეტილების დადებითისკენ ცვლილებას, მით უმეტეს, საქართველოს შემთხვევაში, არ ელის, თუმცა არ გამორიცხავს, კონსენსუსის არარსებობის გამო, საბჭომ უკრაინისა და მოლდოვისთვის სტატუსის მინიჭება გადაავადოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი