ახალი ამბები

რუმინეთი უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს

16 ივნისი, 2022 • 1412
რუმინეთი უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს

რუმინეთი მხარს უჭერს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა დღეს, 16 ივნისს, კიევში განაცხადა, სადაც გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა.

მისი თქმით, ახლა ევროპის ისტორიაში გარდამტეხი მომენტია და მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა ნაბიჯი გადადგას.

რუმინეთის პრეზიდენტის თქმით, ახლა ყოყმანის დრო არ არის.

„ჩვენ ვართ ევროპის ისტორიის გარდამტეხ მომენტში, რაც მოითხოვს განსაკუთრებულ სტრატეგიასა და შორსმჭვრეტელ პასუხს. უკრაინისთვის, მოლდოვისთვისა და საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება მომდევნო კვირაში ევროპულ საბჭოზე  ჩვენი ღირებულებების ძლიერი და გრძელვადიანი ფარის აგების საწინდარია. საუბარია ჩვენს შესაძლებლობებზე, შევქმნათ უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“, – განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მხარს უჭერს უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოს კი ამ კონტექსტში არ ახსენებს.

მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მოლდოვაში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ევროკავშირისგან ელის „მკაფიო და პოზიტიურ“ პასუხებს მოლდოვასთან დაკავშირებით, რომელსაც, მსგავსად საქართველოსა და უკრაინისა, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება სურს.

მისი თქმით, მოლდოვა ამ მკაფიო პასუხებს მიიღებს, თუმცა, მისივე განცხადებით, ალიანსში გაწევრიანება დაკავშირებული იქნება პირობებთანაც.

მაკრონისვე განცხადებით, ამ პროცესში არ შეიძლება უკრაინისა და მოლდოვის ერთმანეთისგან გამოყოფა, თუმცა, როგორც Politico იუწყება, ფრანგმა ლიდერმა განაცხადა, რომ საქართველო „გეოპოლიტიკურად სხვა ადგილას“ იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი