ახალი ამბები

არა და არასოდეს! – „სირცხვილიას“ პასუხი ზურაბიშვილს 20 ივნისის აქციის გადადებაზე

14 ივნისი, 2022 • 1274
არა და არასოდეს! – „სირცხვილიას“ პასუხი ზურაბიშვილს 20 ივნისის აქციის გადადებაზე

მოძრაობა „სირცხვილია“, რომელიც ორგანიზატორია 20 ივნისს დაგეგმილი აქციის – „შინ ევროპისკენ“, უარით პასუხობს აქციის გადადებისკენ პრეზიდენტის მოწოდებას.

მათი თქმით, აქცია ძალაშია და 20 ივნისს, 20:00 საათზე გაიმართება.

„არა და არასოდეს!“, – დაწერა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „სირცხვილიას“ მოუწოდა, გადადოს 20 ივნისს დაგეგმილი აქცია – „შინ ევროპისკენ“, სანაცვლოდ კი 16 ივნისს აქციის გამართვა დააანონსა.

მისი თქმით, 20 ივნისს დაგეგმილი აქცია ბევრ საფრთხეს უკავშირდება.

16 ივნისის აქციაზე კი მიიწვია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები და ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, მათ შორის, მმართველი გუნდის.

„სირცხვილიას“ განცხადებით, წინააღმდეგობრივია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას მოუწოდებს ევროინტეგრაციისთვის კონსოლიდაციისკენ, ამავდროულად, ალტერნატიულ აქციას ნიშნავს და 20 ივნისის შეკრების ორგანიზატორებს ღონისძიების გაუქმებას სთავაზობს.

„ერთ კვირაზე მეტია, სამოქალაქო საზოგადოება ემზადება 20 ივნისის შეკრებისთვის, რომლის მიზანიცაა გააერთიანოს ქართველი ხალხი, მიუხედავად მათი პოლიტიკური, იდეოლოგიური თუ სხვა განსხვავებებისა. ისტორიული გადაწყვეტილების წინ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ ევროპელ პარტნიორებს უნდა აჩვენოს, რომ ევროინტეგრაცია ერთ-ერთი ისეთი იშვიათი საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში პოლარიზაცია არ არსებობს.

წინააღმდეგობრივია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ევროინტეგრაციისთვის კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს, ამავდროულად, ალტერნატიულ აქციას ნიშნავს და 20 ივნისის შეკრების ორგანიზატორებს ღონისძიების გაუქმებას სთავაზობს. არა და არასოდეს!

ჩვენ ვიღებთ პრეზიდენტის მოწვევას 16 ივნისის აქციაზე და ვთავაზობთ, მანაც მიიღოს სამოქალაქო საზოგადოების თვითორგანიზებულ ჯგუფთა მოწვევა და დაესწროს შეკრებას “შინ ევროპისკენ”, რომელიც 20 ივნისს, 20 საათზე, პარლამენტთან დაიწყება და ევროპის მოედანზე დასრულდება.
ქვეყანაში, სადაც ახალ წელს ორჯერ ვზეიმობთ, არაფერი დაშავდება, თუ ევროინტეგრაციისადმი ერთგულებასაც ორჯერ აღვნიშნავთ“, – აცხადებს „სირცხვილია“.

ზურაბიშვილი 20 ივნისს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს მისი გადადებისკენ მოუწოდებს

მასალების გადაბეჭდვის წესი