ახალი ამბები

ზურაბიშვილი 20 ივნისს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს მისი გადადებისკენ მოუწოდებს

14 ივნისი, 2022 • 959
ზურაბიშვილი 20 ივნისს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს მისი გადადებისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „სირცხვილიას“ მოუწოდა, გადადოს 20 ივნისს დაგეგმილი აქცია – „შინ ევროპისკენ“, სანაცვლოდ კი 16 ივნისს აქციის გამართვა დააანონსა.

მისი თქმით, 20 ივნისს დაგეგმილი აქცია ბევრ საფრთხეს უკავშირდება.

16 ივნისის აქციაზე კი მიიწვია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები და ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, მათ შორის, მმართველი გუნდის.

„ჩვენ ყველანი რომ მივალთ ევროპის მოედანზე 16ში, 7 საათზე, ერთი საათით, მეტი არ არის საჭირო და არ შეგაწუხებთ, იქ მინდა, რომ მოვუწოდო ევროკავშირის ელჩს, რომ მოვიდეს ჩვენთან ერთად და ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების, რომ შემოგვიერთდნენ.

ვთხოვ ყველა პარტიას და ხელისუფლებას, ყველას, ვისაც ევროპელობა აქვს გაცხადებულ მიზნად, რომ მოვიდეს და გადავდოთ ყველა სხვა ლოზუნგები და ყველა სხვა დაპირისპირება. ერთად დავდგეთ მიკროფონების გარეშე.

მივმართავ სამართალდამცველებს, რომ ყველანაირი უსაფრთხოების ზომები იქნას მიღებული რათა ექსცესები გამოირიცხოს.

მივმართავ ასევე, 20 ივნისის ორგანიზატორებს, რომ თუ დაფიქრდებიან შეიძლება გადაიდოს ეს გამოსვლა, რომელიც ბევრ საფრთხეს უკავშირდება, ახლა, ჩემი აზრით, არაა დრო პოლიტიკური ამბიციების გამოჩენის და საზოგადოების დაყოფის და გახლეჩის. ამავდროულად ვაფრთხილებ ხელისუფლებას რაღაც განცხადებების შემდეგ, რომ თუ მაინც ჩატარდა და ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მე შემიძლია მივმართო მხოლოდ თხოვნით- თუ მაინც ჩატარდა ეს პროტესტი, ყოველივე ექსცესზე ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქმნება რამეთუ დემონსტრირების უფლება უნდა იყოს დაცული და უზრუნველყოფილი. ახლა ჩვენი ერთობის და მხოლოდ ერთობის დროა! თუ ამას შევიგნებთ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი