ახალი ამბებიეკონომიკა

აუდიტის თანახმად, 2021-ში ბიუჯეტიდან 107 მილიონი ლარი “არამიზნობრივად და არაეკონომიურად” დაიხარჯა

14 ივნისი, 2022 • 3646
აუდიტის თანახმად, 2021-ში ბიუჯეტიდან 107 მილიონი ლარი “არამიზნობრივად და არაეკონომიურად” დაიხარჯა

სახელმწიფო აუდიტმა გამოავლინა 2021 წელს 107 მილიონი ლარის დარღვევა. ამის შესახებ გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა დღეს, 14 ივნისს, პარლამენტში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხდა.

მისივე თქმით, 2021 წელს აუდიტის 19 დასკნის საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება 18-ზე დაიწყო.

„ჩატარებული აუდიტების შედეგად, გასულ წელს 107 მილიონი ლარი შეადგინა აუდიტებით გამოვლენილი დარღვევების თანხობრივმა მაჩვენებელმა, რომელიც სისტემური ხასიათის ნაკლოვანებებს მოიცავს და უკავშირდება საბიუჯეტო რესურსების არამიზნობრივ, არაეკონომიურ გამოყენებას.

2021 წელს მაღალი რისკის შემცველი გარემოებებიდან გამომდინარე შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას 19  აუდიტის დასკვნა გაეგზავნა და პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მინდა გითხრათ, რომ 19-დან 18-ზე არის კონკრეტული საქმეები აღძრული, 1 ანგარიშზე ჯერ არ არის გამოძიება დაწყებული. ძირითად ეს ისეთ მუხლებთანაა დაკავშირებული, როგორიცაა მითვისება ან გაფლანგვა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, თაღლითობა და სამსახურებრივი გულგრილობა.

ჩვენ შარშან 11 ფინანსური აუდიტი ჩავატარეთ, აქედან 6-ში გაიცა უარყოფითი მოსაზრება და 5-ში პირობითი მოსაზრება. ხოლო, თუ გადავავლებთ ბოლო წლების დინამიკას, საერთო ჯამში, 63 ფინანსური აუდიტი ჩატარდა და 62-ში გაცემული იქნა პირობითი ან უპირობო მოსაზრება“, – განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი