ახალი ამბები

სამასიოდე ევროპარლამენტარი თვლის, რომ ივანიშვილს არ გაუკეთებია კარგი საქმეები ქვეყნისთვის – წულუკიანი

11 ივნისი, 2022 • 1588
სამასიოდე ევროპარლამენტარი თვლის, რომ ივანიშვილს არ გაუკეთებია კარგი საქმეები ქვეყნისთვის – წულუკიანი

„სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ არის სამასიოდე ევროპარლამენტარი, რომელიც თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილს არ გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის კარგი საქმეები“, – ასე გამოეხმაურა კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას, რომლითაც მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ.

წულუკიანის თქმით, ბავშვმაც კი იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული.

„მე მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ ევროკავშირის პარლამენტს ნუ დახატავთ ისე, თითქოს ეს იყოს ორგანო, რომელიც იღებს ჩვენი გაწევრიანების თუ სტატუსის მონიჭების შესახებ გადაწყვეტილებას. მე მინდა, ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, ქართველებს, ვინც თქვენ [ჟურნალისტებს] ხანდახან, რა თქმა უნდა, უნებლიეთ შეგყავთ შეცდომაში, რა თქმა უნდა, უნებლიეთ აკეთებთ ამას და წარმოაჩენთ ისე, რომ თითქოს ევროკავშირის პარლამენი წყვეტს წევრობის საკითხს, არა, ბატონებო და ქალბატონებო, ევროკავშირის პარლამენტი არ იღებს გადაწყვეტილებას. ეს არის საკანონმდებლო ორგანოებისგან შექმნილი ასამბლეა, რომელსაც პირდაპირ გზით ირჩევენ ხოლმე ევროკავშირის ამომრჩევლები და სწორედ მათ ეძლევათ ხოლმე ასეთი ფორმით [აზრის გამოხატვის საშუალება]

სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ არის სამასიოდე ევროპარლამენტარი, რომელიც თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილს არ გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის კარგი საქმეები, ჩვენ კი ვფიქრობთ პირიქით და ვმსჯელობთ ფაქტებით. მათ შორის, დარწმუნებული ვარ, „მთავარი არხის“ ჟურნალისტმაც იცის, ბავშვმაც კი იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყანაში ძალიან ბვერი კარგი საქმე აქვს გაკეთებული და ეს იმდენად დიდია, რომ თქვენი არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი ეთერი ამის ჩამოთვლას არ ეყოფა. შესაბამისად დესტრუქციულ როლს ბიძინა ივანიშვილი კი არ თამაშობს, თქვენი აწ უკვე პატიმარი ხელმძღვანელი თამაშობს[მთავარი არხის დამფუძნენელი ნიკა გვარამია]“, – განაცხადა წულუკიანმა.


ევროპარლამენტმა 9 ივნისს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ.რაც შეეხება საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს. მოლდოვისა და უკრაინის შესახებ მსგავსი დათქმა არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი