ახალი ამბები

შეურაცხმყოფელი რეზოლუციაა, არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა – ღარიბაშვილი

11 ივნისი, 2022 • 890
შეურაცხმყოფელი რეზოლუციაა, არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა  – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მიღებული კრიტიკული რეზოლუცია შეურაცხმყოფელია. ამის შესახებ მან დღეს, 11 ივნისს, განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

„მე მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ავუხსნა ასევე სრული პასუხისმგებლობით, რომ ევროპარლამენტის ასეთ რეზოლუციას ამ პროცესში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით ანუ გადაწყვეტილების ფორმირების პროცესში, არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მათი როლი არის, შეიძლება ითქვას, სიმბოლური.

გასაგებია და მე ასევე მინდა ვთქვა, რომ შეურაცხმყოფელი არის ის რეზოლუცია, რომელიც არის გაჯერებული ტყუილებით, არაზუსტი ინფორმაციით და ამაში მე დავინახე ირაციონალურობაც. ყოველგვარი გონივრულობა და რაციონალი ამ რეზოლუციაში არის ამოვარდნილი. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ფაქტობრივი უზუსტობა, ძალიან ბევრი ტყუილი, რაც ჩემთვის არის სამწუხარო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


ევროპარლამენტმა 9 ივნისს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ.

რაც შეეხება საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს. მოლდოვისა და უკრაინის შესახებ მსგავსი დათქმა არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი