ახალი ამბები

“ხელისუფლება უნდა დაინტერესდეს” – ლომჯარია “ბორჯომის” გაფიცულ თანამშრომლებზე

9 ივნისი, 2022 • 954
“ხელისუფლება უნდა დაინტერესდეს” – ლომჯარია “ბორჯომის” გაფიცულ თანამშრომლებზე

კომპანია “ბორჯომის” გაფიცულ თანამშრომლებს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია შეხვდა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ სოლიდარობას უცხადებს გაფიცულ თანამშრომლებს და ხელისუფლებას მოუწოდა, მათი პრობლემით დაინტერესდეს და მედიაციის პროცესში ჩაერთოს.

“მე დღეს გავესაუბრე ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ კონტრაქტები. ამ კონტრაქტების იმედად გამოიტანეს სესხები. ამ კომპანიაში დასაქმება მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა და დღეს სრულიად უსახლკაროდ არიან დარჩენილი.

მე მათგან ისეთი მაგალითები და გამოცდილება მოვისმინე, რაც ვფიქრობ, აშკარად შეიცავს დისკრიმინაციის ნიშნებს. მაგალითად, ადამიანებს, რომელთაც ეკუთვნით შრომის ანაზღაურება, კომპანია იმის მიხედვით არ უხდის, თუ ვის რა როლი აქვს ამ გაფიცვაში. საუბრობენ ასევე ზეწოლის, დაშინების ფაქტებზე ამიტომ მე გამოვუცხადე ჩემი მხარდაჭერა გაფიცულებს. ჩვენი მანდატის ფარგლებში ვეცდებით, რომ მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად შევისწავლოთ სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევები.

ამ პრობლემის მასშტაბურობიდან და იქიდან გამომდინარე, თუ რამდენად ბევრ ადამიანს ეხება, ხელისუფლება უნდა დაინტერესდეს, ჩაერთოს და მედიაციის გზით საუკეთესო გამოსავალი უნდა იყოს მიღწეული”, – განაცხადა ლომჯარიამ ჟურნალისტებთან.

“ბორჯომის” თანამშრომლები პროფკავშირებთან ერთად გეგმავენ სასამართლოში კომპანიის წინააღმდეგ დავის დაწყებას. პროფკავშირების წარმომადგენლის განმარტებით, სარჩელი ორ საკითხს შეეხება: სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომლებსა და იმ ადამიანებს, რომლებსაც ნამუშევარი დღეები არ აუნაზღაურეს.


„ბორჯომის“ ინვესტორისთვის დაწესებული სანქციების ფონზე, საქართველოში კომპანიის დასაქმებულებმა, რომლებიც სამსახურის დაკარგვის რისკის წინაშე იდგნენ, განაცხადეს, რომ კონტრაქტის პირობები უუარესდებოდათ.

კონტრაქტის პირობების შეცვლას ნაწილი დაეთანხმა, ნაწილი კი – არა, რის შემდეგაც „IDS ბორჯომი – საქართველოს“ მენეჯმენტმა 49 თანამშრომელი გაათავისუფლა. ამის საფუძვლად კომპანიამ რეორგანიზაციის პროცესში ხელშეკრულების ცვლილებაზე უარი დაასახელა.

„ბორჯომის“ თანახმად, „კომპანიას აღარ აქვს ქარხანაში მოცდენილი საათების 100%-ით ანაზღაურების შესაძლებლობა“, რის გამოც თანამშრომლებს შესთავაზეს განახლებული პირობები, რაც გულისხმობს მოცდენილი საათების 50%-ით ანაზღაურებას, ხოლო ნამუშევარი საათების ანაზღაურება რჩება უცვლელი.

ეს პირობა, კომპანიის თანახმად, „სამწუხაროდ, თანამშრომელთა მცირე ნაწილისთვის მისაღები არ აღმოჩნდა“, რის გამოც, როგორც კომპანია ამბობს, იძულებული გახდა, ქარხანაში დაეწყო რეორგანიზაციის პროცესი და 49 თანამშრომლისათვის „კანონმდებლობის საფუძველზე“ შეეწყვიტა ხელშეკრულებები.

ამავე თემაზე გირჩევთ:

„ბორჯომის“ თანამშრომლებმა ქარხნების პიკეტირება დაიწყეს

მასალების გადაბეჭდვის წესი