ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“გაეროს რეზოლუციები სუვერენიტეტისკენ ჩვენს სწრაფვას ვერ შეცვლის” – არძინბა

9 ივნისი, 2022 • 1098
“გაეროს რეზოლუციები სუვერენიტეტისკენ ჩვენს სწრაფვას ვერ შეცვლის” – არძინბა

გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილების სტატუსს შეეხება, რუსულ მედიასთან გამოეხმაურა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრი ინალ არძინბა.

რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს და ადასტურებს იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ.

რეზოლუციას 95-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი მაშინ, როცა გასულ წელს მხარდამჭერთა რიცხვი 80-ს შეადგენდა. რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა რუსეთმა, ბელარუსმა, ბურუნდიმ, ჩინეთმა, კუბამ, ჩრდილოეთ კორეამ, ლაოსმა, ნიკარაგუამ, სუდანმა, სირიამ, ვიეტნამმა და ზიმბაბვემ.

“გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია უგულებელყოფს ისტორიულ სამართლიანობას და აფხაზური სახელმწიფოებრიობის ათასწლიან ისტორიას. რამდენი ასეთი რეზოლუციაც არ უნდა მიიღონ, უცვლელია ჩვენი სწრაფვა სახელმწიფო სუვერენიტეტის გამყარებისა და ჩვენი ქვეყნის განვითარებისკენ. ჩვენ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ მომავალშიც”, – განუცხადა ინალ არძინბამ, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრმა, რუსულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო tass-ს.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2008 წლის მაისიდან წარადგენს.  2008 წელს რეზოლუცია მხოლოდ აფხაზეთს ეხებოდა, 2009 წლიდან კი მისი სახელწოდებაა „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”.

გაეროში დევნილებზე საქართველოს რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი 15 ქვეყნით გაიზარდა

მასალების გადაბეჭდვის წესი