ახალი ამბებირეკლამა

თსუ-ს რექტორი: უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს უკლებლივ ყველა სტუდენტის საგამოცდო პროცესში ჩართულობას

6 ივნისი, 2022 • 1151
თსუ-ს რექტორი: უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს უკლებლივ ყველა სტუდენტის საგამოცდო პროცესში ჩართულობას

,,დისტანციური სწავლება იყო გამოსავალი, რომელიც უნივერსიტეტმა მონახა მაშინ, როცა მართლა იდგა მძიმე არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. ახლა კი, როცა პანდემია აღარ არის ქვეყანაში, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ სწავლებისა და მუშაობის ჩვეულ რეჟიმს. ეს არ ხდება მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სხვა არაერთი უნივერსიტეტი დაუბრუნდა სწავლის სტანდარტულ პროცესს,’’ –  განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ  გადაცემაში „იმედი LIVE“.

რექტორმა ისაუბრა სტუდენტთა ერთი ჯგუფის პროტესტის შესახებ და აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ თებერვალში, სტუდენტთა სხვა ჯგუფი ითხოვდა სწავლის სააუდიტორიო რეჟიმში აღდგენას. თუმცა, მაშინ უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, რომ სააუდიტორიო სწავლებას მაისიდან დაიწყებდა. „ამის შემდეგ სტუდენტებს ჰქონდათ ობიექტური პრობლემა ბინების გაძვირებასთან დაკავშირებით. ჩვენთვის გასაგები იყო ეს პრობლემა და უნივერსიტეტმა, ერთი მხრივ, სწავლა გააგრძელა შერეულ ფორმატში და, მეორე მხრივ, გაგრძელდა მიღება სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებში. აღმოჩნდა, რომ მიუხედავად მძიმე ფონისა, მსურველების რაოდენობა არ იყო იმდენი, რამდენსაც მოველოდით და საერთო საცხოვრებლებში – მათ შორის ლისის საერთო საცხოვრებელში, რომელიც ახალი აშენებულია, ადგილები დღემდე თავისუფალია,’’ – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

თსუ რექტორის თქმით, უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს უკლებლივ ყველა სტუდენტის საგამოცდო პროცესში ჩართულობას. ამისათვის თსუ-მ გარკვეული ნაბიჯებიც გადადგა. კერძოდ, იმ სტუდენტთა მხარდასაჭერად, რომლებიც გამოცდებისთვის ვერ ახერხებენ თბილისში ჩამოსვლას, დამატებით ორი საგამოცდო ცენტრი გაიხსნება – ქუთაისსა და ახალციხეში. „გარდა ამისა, თუ რომელიმე სტუდენტს რეგიონული საგამოცდო ცენტრების ამოქმედების მიუხედავად, დამატებით რაიმე კონკრეტული გარემოება შეუქმნის დაბრკოლებას დასწრებით ფორმატში გამოცდაზე გამოცხადებასთან დაკავშირებით, ეს შემთხვევები  ინდივიდუალურად განიხილება შესაბამისი ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ. ვფიქრობთ, უნივერსიტეტის მიერ უზრუნველყოფილი ეს შესაძლებლობები თითოეული სტუდენტის საგამოცდო პროცესში ჩართულობას უზრუნველყოფს,“ – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ

ამასთან, რექტორის განცხადებით, თუ სტუდენტს შეუძლია თბილისში ჩამოსვლა, მაგრამ აქვს საცხოვრებლის პრობლემა, უნივერსიტეტი მათ საგამოცდო პერიოდში უფასოდ სთავაზობს სტუდენტურ საცხოვრებელს; ამ პერიოდში საერთო საცხოვრებლით უფასოდ ისარგებლებენ ის სტუდენტებიც, რომლებიც ამჟამადაც ცხოვრობენ საერთო საცხოვრებელში. ლისის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში, რომელიც 320-ადგილიანია, დღემდეა თავისუფალი ადგილები. ამჟამად, ორივე საერთო საცხოვრებელში ათობით ვაკანტური ადგილია, ამიტომ საცხოვრებლის პრობლემა მოგვარებადია. „ხოლო მათ – ვისაც რაიმე სხვა სახის პრობლემა აქვთ, უნდა მიმართონ თავიანთი ფაკულტეტის ადმინისტრაციას, რომელიც ინდივიდუალურად განიხილავს ყოველ შემთხვევას. ასეთი სტუდენტები მიიღებენ ინდივიდუალურ მხარდაჭერას უნივერსიტეტისგან – მათი კონკრეტული საჭიროების შესაბამისად,’’ – აღნიშნა  თსუ რექტორმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი