ახალი ამბები

არცერთი ჩვენი მოქალაქე არ დაიჩაგრება – ღარიბაშვილი „ბორჯომის“ გაფიცვაზე

6 ივნისი, 2022 •
არცერთი ჩვენი მოქალაქე არ დაიჩაგრება – ღარიბაშვილი „ბორჯომის“ გაფიცვაზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეხმაურება „ბორჯომის“ გაფიცული თანამშრომლების მიერ ქარხნების პიკეტირებას და აცხადებს, რომ „ყველაფერი მოგვარდება ისე, როგორც საჭიროა“.

„ეკონომიკის სამინისტრომ დაასრულა მოლაპარაკებები, ერთი კვირის თავზე მთავრობის სხდომაზე გამოვიტანთ საკითხს და ბორჯომის აქციონერები გავხდებით ჩვენ, მთავრობა, სახელმწიფო. და ამით ეს პრობლემაც მოგვარდება“, – განაცხადა პრემიერმა.

„მე ვიცი, რომ გარკვეული სირთულეები არის, იქ დასაქმებულები აპროტესტებენ. დღეს დილას ვესაუბრე ბატონ ზურაბ აზარაშვილს (ჯანდაცვისა და შრომის მინისტრს). მისი დავალებით უკვე ჩართულია შრომის ინსპექცია, მინდა ვუთხრა ყველას, რომ არცერთი ჩვენი მოქალაქე არ დაიჩაგრება და ყველას სამართლიანად მოვეპყრობით და ყველაფერი მოგვარდება ისე, როგორც საჭიროა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 6 ივნისს, მთავრობის სხდომის დასრულებისას.

პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა „ბორჯომის“ ადმინისტრაციაც და განაცხადა, რომ მიესალმება პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შრომის ინსპექციის ჩართვის შესახებ.

„ჩვენ მზად ვართ ღია დიალოგისთვის და მზად ვართ, მივაწოდოთ შრომის ინსპექციას სრული და ამომწურავი ინფორმაცია, როგორც ზოგადად კომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რა ვითარებაში აღმოჩნდა და რა სირთულეებთან უწევს გამკლავება კომპანიას დაწესებული სანქციების, გაყინული ანგარიშებისა და ბაზრებზე გართულებული წვდომის პირობებში, ასევე, კანონის სრული დაცვით განხორციელებულ რეორგანიზაციის პროცესზე, რომლის შედეგადაც კომპანიამ მაქსიმალურად შეუნარჩუნა ბორჯომში დასაქმებულებს სამუშაო ადგილები“, – აცხადებს კომპანია.

„ბორჯომის“ ქარხნების გაფიცულმა დასაქმებულებმა ორშაბათ დილას ქარხნებისკენ მიმავალი გზა დაიკავეს და პიკეტირება დაიწყეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მოწოდების მიუხედავად, დემონსტრანტები ადგილზე რჩებიან და პიკეტირებას განაგრძობენ.

პროფკავშირის თანახმად, დასაქმებულები არ დაიშლებიან მანამ, სანამ კომპანიასა და გაფიცულებს შორის შეთანხმება არ მიიღწევა.

„ბორჯომის“ ინვესტორისთვის დაწესებული სანქციების ფონზე, საქართველოში კომპანიის დასაქმებულებმა, რომლებიც სამსახურის დაკარგვის რისკის წინაშე იდგნენ, განაცხადეს, რომ კონტრაქტის პირობები უუარესდებოდათ.

2022 წლის 29 აპრილს კომპანია „IDS ბორჯომი – საქართველომ“ განაცხადა, რომ „დროებით“ აჩერებს მინერალური წყალი „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ორივე ქარხნის წარმოებას.

მოგვიანებით, 19 მაისს, კომპანია IDS BORJOMI International-მა მისი მაკონტროლებელი კომპანიის მიერ საქართველოს მთავრობისთვის აქციების უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე ოფიციალური შეთავაზების წარდგენა დააანონსა.

ჯერჯერობით უცნობია, რა წილი გადაეცემა მთავრობას.

ამავე თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი