ახალი ამბები

“დაიწყოს ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაცია” — აქცია ჩუღურეთში

5 ივნისი, 2022 •
“დაიწყოს ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაცია” — აქცია ჩუღურეთში

ჩუღურეთში, ფიროსმანის ქუჩაზე, მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ისინი ქუჩის რეაბილიტაციის დროულად დაწყებას ითხოვდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ავარიული სახლები მძიმე მდგომარეობაშია, რასაც ტრანსპორტის მოძრაობით გამოწვეული ვიბრაცია ემატება.

“ზოგადად, ეს ქუჩა გადაკეტილი იყო იმის გამო, რომ დიდი გაბარიტების მანქანების მოძრაობა არ შეიძლებოდა, რადგან ზანზარი და ვიბრაცია [აზიანებს] სახლებს. სულ ორიოდე მეტრიც არაა დაშორება სახლებსა და გზის სავალ ნაწილს შორის.

ვიბრაციის [შედეგად] კიდევ ემატება ბზარები ამ სახლებს. ესაა ჩვენი მოთხოვნა, რომ დაიწყოს ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაცია”, — განუცხადა “ნეტგაზეთს” ადგილობრივმა, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამჟღავნება.

მისი მონაყოლით, ადგილობრივებისთვის პრობლემურია ბასლეინიც, რომელიც ფიროსმანის ქუჩის ორ მონაკვეთზე დაიხაზა. როგორც ამბობს, ზოგიერთი ადგილობრივი იძულებულია, ტროტუარზე გააჩეროს მანქანა, რის გამოც შესაბამისი სამსახურები აჯარიმებენ.

“ამ ბასლეინის გამო მანქანები ტროტუარზე არიან გაჩერებულნი, მოსახლეობა ვერ დადის, ვერ ახერხებს სარგებლობას და ამის გულისთვის უწევს გზის სავალ ნაწილზე გადასვლა. იყო შემთხვევები, როცა სარკე მკლავზე გაუკვრია მანქანას და ა.შ.

არის მეორე მომენტი, რომ კი, მაცხოვრებლებს, შეიძლება, ეზოები გვაქვს და აყენებენ [მანქანებს], მაგრამ ყველას მანქანა ვერ ეტევა ფიზიკურად ეზოში”.

ნიკო ფიროსმანის ქუჩა, – რომლის სიგრძეც დაახლოებით 550 მეტრია, – ავტომობილებისთვის ნაწილობრივ ცალმხრივია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი გადაადგილდება სადგურის მოედნიდან მალაკნების მოედნის მიმართულებით.

ბასლეინი დაიხაზა:

  1. სადგურის მოედნიდან ფიროსმანზე შესახვევიდან კოტე ფოცხვერაშვილის ქუჩის კვეთამდე (გაზგასამართ სადგურამდე);
  2. კონსტიტუციის ქუჩის კვეთიდან მალაკნების მოედნამდე (ჯამში, დაახლოებით 320 მ-ის სიგრძეზე).

იმის მიუხედავად, რომ ავტომობილები და ავტობუსები სხვადასხვა ზოლში, ურთიერთსაპირისპიროდ მოძრაობდნენ, ავტობუსის ზოლი გამოყოფილი არ ყოფილა; იმის გამო, რომ ავტომობილები მეორე ზოლშიც გადადიოდნენ, ტრანსპორტი შეფერხებით გადაადგილდებოდა.

რეაბილიტაციის საჭიროებაზე საუბრისას მოქალაქე ჰყვება, რომ არის შემთხვევები, როცა გამგეობა ეხმარება ადგილობრივებს, თუმცა მთელ ქუჩას გამგეობის რესურსი ვერ გასწვდება: ეს ქალაქის მთავრობის პასუხისმგებლობაა.

“კი ბატონო, იმოძრაონ მანქანებმა, ამის პრობლემა არ გვაქვს, [მაგრამ] მაშინ სახლებია გასაკეთებელი ისეთ დონეზე, რომ გაუძლოს ამ მოძრაობას”.

“ხალხი უკვე გაუსაძლის მდგომარეობაშია. დაბზარული, ავარიული სახლებია, კედლები უკვე ჩამოიშალა ბევრ ადგილას. ეს მოთხოვნა გვაქვს, რომ გაჭიანურებული საქმე დაიწყოს”.

როგორც ცნობილია, თბილისის მერია აცხადებდა, რომ 2019 წელს ფიროსმანის ქუჩაზე 2-წლიანი რეაბილიტაციის პროექტის დაწყება იგეგმებოდა, რომლის ბიუჯეტიც 50 მლნ უნდა ყოფილიყო და სამუშაოები 2020-თვის დამთავრებულიყო, თუმცა,  გადაიდო.

ჩუღურეთში, ფიროსმანის ქუჩაზე „ბასლეინი“ დაიხაზა

მასალების გადაბეჭდვის წესი