ახალი ამბები

1980 წლამდე დაბადებულთათვის „მაიმუნის ყვავილი“ საშიშროებას არ წარმოადგენს — ჩხაიძე

2 ივნისი, 2022 • 1318
1980 წლამდე დაბადებულთათვის „მაიმუნის ყვავილი“ საშიშროებას არ წარმოადგენს — ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ-ს პროფესორი ივანე ჩხაიძე ამბობს, ადამიანის ყვავილის ვირუსზე აცრილებისთვის ე.წ. მაიმუნის ყვავილი საფრთხეს არ წარმოადგენს. ყვავილზე აცრა სავალდებულო იყო 1980 წლამდე.

„დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც დაბადებულია 1980 წლამდე, მათთვის ეს ვირუსი საშიშროებას არ წარმოადგენს იმიტომ, რომ ისინი ვაქცინირებული არიან ამ ვირუსის წინააღმდეგაც. ვფიქრობთ, რომ ის ვაქცინა, რომელიც იყო ამ პერიოდამდე ჩატარებული, დაიცავს მათ მაიმუნის ყვავილისგანაც“, — განაცხადა ივანე ჩხაიძემ „კვირის“ პრესკლუბში.

მისი თქმით, დიდ ბრიტანეთში 6 მაისს გამოვლენილი „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევიდან მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში 600-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. მხოლოდ სამ ქვეყანაში — დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და პორტუგალია — შემთხვევათა რაოდენობა 100-ს აღემატება. ივანე ჩხაიძის თქმით, ეს მაჩვენებელი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაინუნის ყვავილი“ საზოგადოების ჯანმრთელობისთვის საფრთხედ განიხილოს.

რა არის მაიმუნის ყვავილი?

მაიმუნის ყვავილის გამომწვევი ვირუსი ყვავილის ვირუსთა ოჯახს მიეკუთვნება. თუმცა, მიუხადავად ამისა, როგორც სფეროს ექსპერტები BBC-სთან აცხადებენ, ნაკლებად მწვავეა და ინფიცირების შანსიც მცირეა.

დაავადება ძირითადად გვხვდება აფრიკის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში არსებულ ქვეყნებში, რომლებიც ტროპიკული ტყეების სიახლოვესაა განლაგებული. გამოცემა აღნიშნავს, რომ გავრცელებულია ვირუსის ორი ძირითადი შტამი – დასავლეთაფრიკული და ცენტრალურაფრიკული.

ერთ პაციენტს, რომელსაც დაავადება დიდ ბრიტანეთში დაუდასტურდა, ნიგერიაში მოგზაურობის ისტორია აქვს. BBC-ის ცნობით, მას დასავლეთაფრიკული შტამი დაუდასტურდა, რომელიც შედარებით მსუბუქი სიმპტომატიკით გამოირჩევა. მეორე კი სამედიცინო მუშაკია, რომელსაც ვირუსი ინფიცირებული პაციენტისგან გადაედო. გამოცემა აღნიშნავს, რომ დანარჩენ შემთხვევებში პაციენტებს არც ერთმანეთთან ჰქონდათ კონტაქტი და არც მოგზაურობის ისტორია უფიქსირდებათ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მათ ვირუსი დიდ ბრიტანეთში გადაედოთ.

რა არის „მაიმუნის ყვავილი“, რომელიც 12 ქვეყანაში გავრცელდა და როგორ ემზადება საქართველო

მასალების გადაბეჭდვის წესი