ახალი ამბები

რა არის „მაიმუნის ყვავილი“, რომელიც 12 ქვეყანაში გავრცელდა და როგორ ემზადება საქართველო

23 მაისი, 2022 • 10590
რა არის „მაიმუნის ყვავილი“, რომელიც 12 ქვეყანაში გავრცელდა და როგორ ემზადება საქართველო

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, ორგანიზაციის წევრ 12 სახელმწიფოში მაიმუნის ყვავილის 92 შემთხვევა დადასტურდა. WHO-ის განცხადებით, აღნიშნული საყურადღებოა იმიტომ, რომ აღნიშნული ტერიტორიები დაავადებისთვის არც ენდემურია და არც პაციენტების დიდ ნაწილს აქვთ იმ რეგიონებში მოგზაურობის ისტორია, სადაც მანამდე დაავადების შემთხვევები ფიქსირდებოდა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 21 მაისის მონაცემებით, სულ ლაბორატორიულად დადასტურებულია 92 შემთხვევა, 28 პაციენტი კი დაკვირვების ქვეშ იმყოფება. WHO-ის განცხადებით, არაენდემურ ქვეყნებში მაიმუნის ყვავილის შემთხვევების დაფიქსირება ისეთ პაციენტებში, რომლებსაც ენდემურ ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია არ აქვთ, უჩვეულო მოვლენაა. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ამ დროისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია იძლევა მოლოდინის საფუძველს, რომ შემთხვევები კიდევ დაფიქსირდება. როგორც WHO აღნიშნავს, დაავადება სიმპტომების მქონე ადამიანიდან ახლო ფიზიკური კონტაქტით გადადის.

რა არის მაიმუნის ყვავილი?

მაიმუნის ყვავილის გამომწვევი ვირუსი ყვავილის ვირუსთა ოჯახს მიეკუთვნება თუმცა მიუხადავად ამისა, როგორც სფეროს ექსპერტები BBC-სთან აცხადებენ, ის ნაკლებად მწვავეა და ინფიცირების შანსიც მცირეა.

დაავადება ძირითადად გვხვდება აფრიკის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში არსებული ქვეყნებში, რომლებიც ტროპიკული ტყეების სიახლოვესაა განლაგებული. გამოცემა აღნიშნავს, რომ გავრცელებულია ვირუსის ორი ძირითადი შტამი – დასავლეთ აფრიკული და ცენტრალურ აფრიკული.

ერთ პაციენტს, რომელსაც დაავადება დიდ ბრიტანეთში დაუდასტურდა, ნიგერიაში მოგზაურობის ისტორია აქვს. BBC-ის ცნობით, მას დასავლეთ აფრიკული შტამი დაუდასტურდა, რომელიც შედარებით მსუბუქი სიმპტომატიკით გამოირჩევა. მეორე კი სამედიცინო მუშაკია, რომელსაც ვირუსი ინფიცირებული პაციენტისგან გადაედო. გამოცემა აღნიშნავს, რომ დანარჩენ შემთხვევებში პაციენტებს არც ერთმანეთთან ჰქონდათ კონტაქტი და არც მოგზაურობის ისტორია უფიქსირდებათ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მათ ვირუსი დიდ ბრიტანეთში გადაედოთ.

რა სიმპტომები ახასიათებს მაიმუნის ყვავილს?

თავდაპირველ სიმპტომებს შორის, რომელიც მაიმუნის ყვავილისთვის არის დამახასიათებელი, არის ცხელება, თავის ტკივილი, შეშუპება და ზურგის და კუნთების ტკივილი. ტემპერატურის მომატების შემდეგ პაციენტს ეწყება გამონაყარი, რომელიც სახიდან იწყება და სხეულის სხვა ნაწილებში ვრცელდება მათ შორის ხელის და ფეხის გულებზე.

გამონაყარი, რომელიც შესაძლოა ძლიერი ტკივილისა და ქავილის გამომწვევი იყოს, რამდენიმე ფაზას გადის. გამონაყარი თავდაპირველად კვანძოვანია, შემდეგ ხდება ბუშტუკოვანი, მღვრიე შიგთავსით და ბოლო ეტაპზე ფუფხებს აყალიბებს, რომელიც საბოლოოდ სხეულიდან იქერცლება. ავადობა როგორც წესი, 12-დან 21 დღემდე გრძელდება.

როგორ ხდება ვირუსის გადადება?

მაიმუნის ყვავილი ადამიანიდან ადამიანზე ახლო ფიზიკური კონტაქტით გადადის. ვირუსი ადამიანის სხეულში დაზიანებული კანიდან, რესპირატორული ტრაქტით, თვალის, ცხვირის ან პირის გავლით ხვდება. როგორც BBC წერს, თავდაპირველად, მაიმუნის ყვავილი სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციად არ მიიჩნეოდა, თუმცა მეცნიერები აცხადებენ, რომ მისი გავრცელება შესაძლებელია სქესობრივი აქტის დროს ახლო კონტაქტით.

მაიმუნის ყვავილი შესაძლებელია ასევე გავრცელდეს ისეთ ცხოველებთან კონტაქტის შედეგად, როგორებიც არიან მაიმუნები, მღრღნელები და ციყვები ან/და ვირუსისგან დაბინძურებული ნივთებიდან, როგორიცაა ინფიცირებული პაციენტის თეთრეული და ტანსაცმელი.

რამდენად საშიშია დაავადება?

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, დაავადება როგორც წესი, მსუბუქად მიმდინარეობს. მეცნიერები მას ჩუტყვავილასაც ადარებენ და მიუხედავად იმისა, რომ მაიმუნის ყვავილი მისგან განსხვავებული ვირუსული ინფექციაა, მასაც ჩუტყვავილას მსგავსად უმეტეს შემთხვევაში რამდენიმე კვირაში სიმპტომების თავისთავად ალაგება ახასიათებს. თუმცა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ის შესაძლოა მწვავედაც მიმდინარეობდეს და აღნიშნავენ, რომ დასავლეთ აფრიკაში მაიმუნის ყვავილით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევებიც ფიქსირდება.

რამდენად ხშირია ეპიდაფეთქებები?

როგორც BBC წერს, ვირუსი თავდაპირველად ტყვეობაში მყოფ მაიმუნს აღმოუჩინეს და 1970 წლის შემდეგ, აფრიკის 10 სხვადასხვა ქვეყანაში ცალკეულ ეპიდაფეთქებებს ჰქონდა ადგილი. გამოცემა აღნიშნავს, რომ 2003 წელს დაავადება დაფიქსირდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, რომელიც პირველი ქვეყანა იყო აფრიკის მიღმა, სადაც მაიმუნის ყვავილის ეპიდაფეთქებას ჰქონდა ადგილი. მაშინ, პაციენტებს ვირუსი ძაღლებისგან გადაედოთ, რომლებიც ქვეყანაში შემოყვანილი მცირე ზომის ძუძუმწოვრებისგან დაინფიცირდნენ. გამოცემის თქმით, 2003 წელს აშშ-ში 81 შემთხვევა იყო დადასტურებული, თუმცა გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ყველაზე დიდი ეპიდაფეთქება კი 2017 წელს ნიგერიაში მოხდა. მაშინ მაიმუნის ყვავილის 172 შემთხვევა აღწერეს, რომელთა შორის 75%-ში ინფიცირებულები 21-დან 40 წლამდე კაცები იყვნენ.

როგორია მკურნალობა?

BBC აღნიშნავს, რომ ეპიდაფეთქების კონტროლი შესაძლებელია ინფიცირების პრევენციით. ასევე, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ადამიანის ყვავილის ვაქცინა მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ 85%-იან ეფექტურობას აჩვენებს. ინფიცირებულ პაციენტებში ასევე შესაძლებელია ანტივირუსილი მედიკამენტების გამოყენებაც.

რა ვითარებაა საქართველოში?

აღნიშნულ საკითხზე „ნეტგაზეთი“ დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს ესაუბრა. გამყრელიძის თქმით, საქართველოში ამ დრომდე მაიმუნის ყვავილის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა კლინიკებს უკვე დაეგზავნათ ინსტრუქცია, რომ საეჭვო შემთხვევების ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნონ:

„ეს დაავადება საქართველოში არ დაფიქსირებულა. გაიგზავნა [რეკომენდაციები] საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურებში და შემდგომ გავრცელდება ყველა სამედიცინო დაწესებულებებში. საუბარია გამონაყარით მიმდინარე დაავადებებზე ზედამხედველობის გაძლიერებაზე. მოგეხსენებათ, ეს ე.წ. მაიმუნის ყვავილი ხასიათდება გამონაყარით. აქედან გამომდინარე, გაძლიერდება ზედამხედველობა თუ ეს არის არატიპური როგორც ახასიათებს მაგალითად, ჩუტყვავილას და სხვა დაავადებას, ნიმუშები კი ჩვენთან უნდა გადმოიგზავნოს” – აცხადებს ამირან გამყრელიძე „ნეტგაზეთთან“.

მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში შესაძლებელია ყვავილის ჯგუფის ვირუსების გამოვლენა, რის შემდეგაც შესაძლებელია გენომის სეკვენირებით „მაიმუნის ყვავილის“ გამომწვევი ვირუსის აღმოჩენა. გამყრელიძის თქმით, ამასთან, უახლოეს მომავალში იგეგმება სპეციალიზებული პრაიმერების შეძენა PCR ტესტებისთვის, რომელიც „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევებს გამოავლენს.

როგორც ამირან გამყრელიძე „ნეტგაზეთთან“ აცხადებს, დაავადების წინააღმდეგ ეფექტურია ადამიანის ყვავილის ვაქცინა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანის ყვავილი ერთადერთი დაავადებაა, რომელიც კაცობრიობამ ვაქცინაციით დაამარცხა, აცრები ამ ვირუსზე გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან აღარ მიმდინარეობს. შესაბამისად, ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ყვავილზე აცრილი საქართველოში მხოლოდ უფროსი ასაკის მოქალაქეები არიან:

„მოგეხსნებათ, ე.წ. ადამიანის ყვავილი ერთადერთი ინფექციაა, რომელიც მსოფლიოში აღმოფხვრილია. ეს განპირობებულია სწორედ ვაქცინაციით. ვაქცინაცია ყვავილზე 1978-1980 წლებში შეწყდა იმის გამო, რომ 1979 წლის შემდეგ ყვავილის შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა. ეს გააკეთა ვაქცინაციის 11-წლიანმა კამპანიამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კოორდინირებით. ვინც აცრილები ვართ, ეს იმუნიტეტი გვაქვს.

1980 წლის შემდეგ დაბადებულ ადამიანებს ეს იმუნური დაცვა არ აქვთ. „ადამიანის ყვავილი“ ბევრად საშიშია, ვიდრე ეს „მაიმუნის ყვავილი“. ჯერ მასობრივ ვაქცინაციაზე საუბარი არ არის იმიტომ, რომ ჯერ სულ 100-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული მთელ მსოფლიოში. ეს ახალი დაავადება არაა, აფრიკაში ყოველ წელს ფიქსირდებოდა მაიმუნის ყვავილის შემთხვევები და მას მკურნალობენ იმ ანტივირუსული პრეპარატებით, რაც ყვავილის დროს თავის დროზე გამოიყენებოდა“ – ამბობს ამირან გამყრელიძე.

რაც შეეხება მაიმუნის ყვავილის რეპროდუქციის უნარს, „ნეტგაზეთთან“ ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი არაა რეპროდუქციის ისეთი მაღალი მაჩვენებელი, როგორც ეს წითელას, კორონავირუსის ომიკრონის შტამის ან ადამიანის ყვავილის შემთხვევაში იყო, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ვირუსი აირ-წვეთოვანი და კონტაქტური გზებით გადაეცემა, გავრცელების მაჩვენებელი მაინც მაღალია.

გამყრელიძე „ნეტგაზეთთან“ აცხადებს, რომ ამ ეტაპზე განგაშის საფუძველი არ არის იმიტომ, რომ ჯერჯერობით ერთეული შემთხვევებია, ძირითადად აფრიკიდან ექსპორტირებული თუმცა, აღნიშნავს, რომ მზადყოფნის რეჟიმი, განსაკუთრებით დიაგნოსტიკის თვალსაზრისით უნდა შენარჩუნდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი