ახალი ამბები

2022-ის I კვარტალში JAVELIN-ების ახალი პარტია მივიღეთ — მთავრობა

1 ივნისი, 2022 • 846
2022-ის I კვარტალში JAVELIN-ების ახალი პარტია მივიღეთ — მთავრობა

საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი ანგარიშის თანახმად, რომელიც სამთავრობო პროგრამების შესრულებას შეეხება, ქვეყანამ 2022 წლის პირველ კვარტალში ამერიკის შეერთებული შტატებისგან ტანკსაწინააღმდეგო სისტემა – Javelin-ის ახალი სისტემები მიიღო.

„2022 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თანადაფინანსებით უკვე შეისყიდა JAVELIN-ების დამატებითი პარტია. ამჟამად აშშ-ის დახმარებით მიმდინარეობს ტაქტიკური აღჭურვილობის მოდერნიზაცია, მათ შორის, ბრიგადების დაკომპლექტება, სადაზვერვო საშუალებებისა და კავშირგაბმულობის სისტემების განვითარება, საარტილერიო სისტემების განახლება და თანამედროვე ცეცხლის მართვის სისტემებში ჩართვა“, – წერია მთავრობის ანგარიშში.

„JAVELIN“ ხელით გადასატანი სარაკეტო სისტემაა, რომელსაც ტანკების, ჯავშანტრანსპორტიორებისა და სხვა საბრძოლო მანქანების წინააღმდეგ იყენებენ.

საქართველომ ეს სისტემა პირველად 2018 წლის იანვარში მიიღო. ამ შეიარაღებას აქტიურად იყენებენ უკრაინის ომშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი