ახალი ამბები

რა შეიარაღებას შეისყიდის თავდაცვის სამინისტრო 2021 წელს

22 დეკემბერი, 2020 • 2370
რა შეიარაღებას შეისყიდის თავდაცვის სამინისტრო 2021 წელს

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თავდაცვის სამინისტროს ახალი ხედვის ფარგლებში შემუშავდა თავდაცვის ძალების აღმშენებლობის გრძელვადიანი, 10-წლიანი გეგმა, რომელიც ორიენტირებულია ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო, საინჟინრო, საავიაციო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური საშაულებების განვითარებაზე.

ღარიბაშვილის თქმით, 2021 წელს დასრულდება ე.წ. ფრანგული კონტრაქტის მეორე ფაზა, პირველი ფაზისას კი საქართველომ ფრანგული წარმოების საჰაერო თვალთვალის რადარები, მობილური საკომანდო პუნქტი და “მისტრალი 3”-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი მიიღო.

ასევე, 2021 წელს იგეგმება ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა “რაფაელის” სრულ განახლება ისრაელთან ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში.

“წელს ვგეგმავთ თანამედროვე გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სისტემების შესყიდვას. მომდევნო წელს გავაფორმებთ ჯავშანსაწინააღმეგო საშუალებების გაძლიერებას. მოგეხსენებათ, გასულ წლებში შეიარაღებულმა ძალებმა მიიღო “ჯაველინის” ერთი პარტია, 2021 წელს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან [აშშ] თანაშრომლობით იგეგმება დამატებითი პარტიის შეძენა. ჯავშანსაწინააღმდეგო საშუალებების გაზრდის მიზნით, ასევე დაგეგმილი  გვაქვს უფრო ახლო რადიუსის თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების შეძენა”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ასევე, დაგეგმილია საავიაციო პარკის განახლება.

“2021 წელს შევიძენთ ოპერატიულ და ტაქტიკურ, უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო დრონებს, განვავითარებთ რადიო და ელექტრონულ სადაზვერვო და სათვალთვალო საშუალებებს. 2021 წელს დავასრულებთ ჯარის აღჭურვას ნატო-ს სტანდარტების მ4 ტიპის შაშხანებით, ტყვიამფრქვევებით  და სხვა საშუალებებით”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა  საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე, სადაც მთავრობის შემადგენლობას და 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამას განიხილავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი