აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა უკრაინისთვის დამატებით 800 მილიონი დოლარის გამოყოფას.
ამით 1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა მხოლოდ მიმდინარე კვირას გამოცხადებული დახმარების მოცულობა უკრაინის უსაფრთხოებისთვის.
„მსოფლიო ერთიანია ჩვენს მხარდაჭერაში უკრაინისადმი და ჩვენი გადაწყვეტილების მიმართ, ვაიძულოთ პუტინი, გადაიხადოს ძალიან მძიმე ფასი უკრაინაში შეჭრისთვის. მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, უზრუნველვყოფთ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების უზარმაზარ დონეს და ვაპირებთ, გავაკეთოთ მეტი მომდევნო დღეებსა და კვირებში“, — განაცხადა ბაიდენმა.
CNN-ის ცნობით, სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და უფრო მეტ თავდაცვით იარაღს, რომელსაც აშშ უკვე აწვდიდა, მათ შორის, Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებისა და Stinger-ის საზენიტო რაკეტების ჩათვლით, თუმცა დახმარება არ მოიცავს მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას, რომელსაც უკრაინა ითხოვს.
უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელების შესახებ განაცხადეს ნატო-შიც, თუმცა თავდაცვის მინისტერიალზე უკრაინას კვლავ უარი უთქვა ცის დახურვაზე, რასაც პრეზიდენტი ზელენსკი ითხოვს.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლასმა კი განაცხადა უკრაინისთვის Starstreak- ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდების შესახებ.
აშშ-ის სამხედრო დახმარება კი, ბაიდენის ცნობით, მოიცავს:
- 800 ერთეულ მცირე და შორ მანძილზე მოქმედ საზენიტო სისტემას;
- 9 000 ერთეულ ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებას;
- 7000 ერთეულ მსუბუქ ცეცხლსასროლ იარაღს და 20 მილიონ ტყვია-წამალს;
- დრონებს
აღჭურვილობის მიწოდება მოხდება პირდაპირ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსგან, მას შემდეგ რაც გადაწყვეტილებას კონგრესი დაამტკიცებს.