ახალი ამბები

საქართველო Javelin-ების ახალ პარტიას შეიძენს – მთავრობა

31 იანვარი, 2022 • 1315
საქართველო Javelin-ების ახალ პარტიას შეიძენს – მთავრობა

საქართველოს მთავრობის ცნობით, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველო მუშაობს ტანკსაწინააღმდეგო გადასატანი სარაკეტო სისტემის, „JAVELIN“-ების დამატებითი პარტიის შესყიდვაზე.

2021 წელს სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვეტილება მიიღო საქართველოსთვის დამატებით 30 მილიონი დოლარის „JAVELIN“-ების შესაძლო საგარეო სამხედრო გაყიდვის შესახებ. თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, გამარტივებული წესით შეისყიდის ორი ქვეყნის მთავრობებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, ახალ ტანკსაწინააღმდეგო გადასატან სისტემა „JAVELIN“-ს.

საქართველოს მთავრობის ცნობით, „თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით, გადაწყდა, რომ „JAVELIN“-ის სისტემის შესყიდვა, ჯამური ღირებულებით 26 მლნ 246 ათასი 866 აშშ დოლარი, დაფინანსდება შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი თანხებით, ასევე, შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხებით“.

საქართველომ JAVELIN-ის ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემის პირველი პარტია 2018 წელს მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი