ახალი ამბები

ზურაბიშვილი: ერთიანობა საზოგადოების დაკვეთაა, რაც პოლიტიკურმა ძალებმა ვერ გაითავისეს

30 მაისი, 2022 • 820
ზურაბიშვილი: ერთიანობა საზოგადოების დაკვეთაა, რაც პოლიტიკურმა ძალებმა ვერ გაითავისეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა კონფერენციაზე, სახელწოდებით „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე“. ზურაბიშვილმა ღონისძიების მონაწილეებს მიმართა და განაცხადა, რომ შეკრებილი საზოგადოება იმ ერთიანობას წარმოადგენს, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველო თავის ადგილზე დადგეს.

პრეზიდენტის განცხადებით, ეს ერთიანობა საზოგადოების დაკვეთაა და შეიძლება, პოლიტიკურმა ძალებმა ჯერ კიდევ ვერ გაითავისეს ასეთი დაკვეთის არსებობა, რადგან, მისი თქმით, საზოგადოებას არ აქვს ის საშუალება, რომ თავისი დაკვეთა პოლიტიკურ პარტიებამდე მიიტანოს და გააგებინოს თავისი ხმა:

„ამ პერიოდში ეს დაკვეთა კიდევ უფრო გაძლიერდა, რადგან როგორც კი ხედავ, რომ მსოფლიო შენ ირგვლივ იცვლება, რომ ჩნდება ახალი გამოწვევები, ახალი შესაძლებლობები, იქმნება ახალი არქიტექტურა (თუმცა, მე მგონი, რომ არავინ არ იცის, რა იქნება და როგორი იქნება), ამ შემთხვევაში, მით უმეტეს, პატარა ქვეყანაში, რომელიც თავს ისე დაცულად ვერ გრძნობს, კიდევ უფრო დიდი მოთხოვნაა, რომ იყოს გაერთიანებული და საზოგადოებას ვთავაზობდეთ ერთიან ხედვას“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ რუსეთის აგრესიამ უკრაინაში შექმნა ახალი რეალობა, რომელმაც უკვე დაამარცხა რუსეთის ამბიციები და გეგმები ევროპაში. კერძოდ, ზურაბიშვილის თქმით, შეიკრა და გაძლიერდა უკრაინის ეროვნული იდენტობა, შეიკრა და გაძლიერდა ევროკავშირის ქვეყნების ერთიანობა და მათი შეგნება, რომ უსაფრთხოებაზე თავად ევროპელებმა უნდა იზრუნონ და მეტი პასუხისმგებლობა აიღონ.

ზურაბიშვილი ხაზს უსვამს, რომ ნატოს დღის წესრიგში დადგა ნეიტრალური ქვეყნების გაწევრიანება, რაც რამდენიმე ათეული წლის წინ სრულიად წარმოუდგენელი იყო. რუსეთმა კი, პრეზიდენტის თქმით, კიდევ ერთხელ, ყველას დასანახად და გასაგებად, აგრესორისა და ნგრევის მომტანის სასტიკი სახე აჩვენა თუნდაც იმ რეგიონში და იმ მოსახლეობის მიმართ, რომლის ვითომდა დასაცავად უკრაინაში შეიჭრა. ამავდროულად, ზურაბიშვილის თქმით, ამ სისასტიკის მიუხედავად, რუსეთმა ვერ მოახდინა დაუმარცხებლობის დემონსტრირება, რითაც იმედოვნებდა, რომ  ევროპასა და მეზობლებს დააშინებდა.

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ანაქრონული ომი, უკრაინელები უკვე გამარჯვებული არიან. მისი თქმით, მათ საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის უდიდესი ფასი გადაიხადეს და გაამყარეს ის:

„ძნელი სათქმელია, ხვალინდელი ევროპა რა პრინციპებით იხელმძღვანელებს და როგორ გაარჩევს სხვადასხვა ქვეყნების გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას – უკრაინის, როგორც ცენტრალური ევროპის სტაბილურობის გარანტის, კავკასიის – როგორც აღმოსავლეთთან სტრატეგიული ხიდის, რუსეთის იზოლაციის პირობებში, თუ ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით აღმოსავლეთ ბალკანეთის როლს; ამ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას დაუქვემდებარებს პოლიტიკურ პრინციპებს თუ გამოიყენებს ერთგვარად შერეულ კრიტერიუმებს, როგორ დააბალანსებს გაფართოების აუცილებლობასა და ეკონომიკური თუ სოციალური გაღრმავების საჭიროებას. ამ მოსალოდნელი ცვლილების ფონზე საჭიროა ჩვენ დავინახოთ ჩვენი ადგილი და შესაძლებლობები.

ჩვენ წინ ძალიან დიდი პერსპექტივები იხსნება, როგორც პატარა ქვეყანა ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან და ჩვენი მოქნილობიდან გამომდინარე, თუკი ჩვენ შევძლებთ ჩვენი ადგილის დანახვასა და გამყარებას. ვერ განვსაზღვრავთ, რა იქნება რუსეთის რეაქცია მორალური მარცხის და იზოლაციის შედეგად, რომელიც შესაძლოა, განახლებული აგრესიით მიუბრუნდეს სხვა მეზობლებს, მათ შორის საქართველოს, რისი საფრთხეც არსებობს თუნდაც რეფერენდუმის ფორმით“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის თქმით, ახლა მთავარია, ამ ახალი შესაძლებლობების და საფრთხეების ფონზე  ვაჩვენოთ მსოფლიოს, თუნდაც თვითონ ორჭოფობდნენ, რომ შემდეგი ნაბიჯების გადადგმის შესახებ ჩვენი არჩევანი ურყევია.

ზურაბიშვილის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მიზნის ქვეშ ყველა ძალა უნდა იყოს გაერთიანებული, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით. პრეზიდენტის განცხადებით, პოლიტიკური ამბიციებით განპირობებული დაპირისპირება მხოლოდ ქვეყნის ინტერესებს არ ეწინააღმდეგება, საბოლოოდ პარტიების მიმართ ნდობასაც აზარალებს:

„მთავრობისა თუ ოპოზიციის ნებისმიერი ნაბიჯი ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს და არ აყენებდეს საფრთხის ქვეშ, მიზანი ძალიან ცხადი უნდა იყოს, და არ ბადებდეს ეჭვს ჩვენს გულწრფელ არჩევანზე და მიმართულებებზე. მხოლოდ ამგვარად ჩვენ დავიმკვიდრებთ ჩვენს ადგილს ევროპაში, ჩვენ დავუბრუნდებით ჩვენს თავს და იმ მომავალს, რომელიც ნამდვილად ჩვენ გვეკუთვნის“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი