ახალი ამბები

საქართველოს ჰყავს რეჟიმი, რომელიც თავისუფალ სამყაროს უპირისპირდება – ბოკერია

28 მაისი, 2022 • 1058
საქართველოს ჰყავს რეჟიმი, რომელიც თავისუფალ სამყაროს უპირისპირდება – ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია ეხმაურება შეერთებული შტატების პროგრამიდან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მოხსნის შემდეგ, პროგრამის მონაწილე დანარჩენი ხუთი მოსამართლის უარს პროგრამაში მონაწილეობაზე.

„აქ აღსანიშნავი დეტალია ისიც, რომ კობახიძემ ეს ჯერჯობით საპარლამენტო სხდომაზე დაანონსა, წინასწარ თქვა, რომ ეს უნდა მომხდარიყო და ეს ხდებოდა“, – ამბობს გიგა ბოკერია.

„მთავარია, თუ სადამდე მივიდა საქმე: დღეს საქართველოს ყავს რეჟიმი, რომელიც სამკვდრო სასიცოცხლო დაპირისპირებაშია მთლიანად თავისუფალ სამყაროსთან, სადაც ჩვენ გვინდა დაბრუნება. თან რაზე უცხადებს პროტესტს? – რომ ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული არ დაიხარჯოს ქვეყნის განვითარებაზე, ანუ მათ წვრთნაზე, – მე კი ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს, თუმცაღა ეს შეერთებული შტატების კეთილი ნებაა“, – განაცხადა ბოკერიამ.

„ვერ წარმომიდგენია ნორმალური ადამიანი, რომლისთვისაც ეს ყველაფერი არ არის კატასტროფა, რომ აქამდე მივიდა საქართველო, რომ ასეთ დაპირისპირებაშია დემოკრატიულ სამყაროსთან, რომელიც ჩვენ გვჭირდება ჩვენი მომავლის, კეთილდღეობის და მომავლის დასაცავად“, – ამბობს იგი.


მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების საელჩომ ნიკა გვარამიას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა, შტატებში ამავე პროგრამის მონაწილე არც დანარჩენი ხუთი ქართველი მოსამართლე გაემგზავრა.

ინფორმაცია 28 მაისს „მთავარმა არხმა“ გაავრცელა. ეს ინფორმაცია „ნეტგაზეთისთვისაც“ ცნობილი გახდა ინფორმირებული წყაროს საშუალებით.

საუბარია სისხლის სამართლის საქმეთა ხუთ მოსამართლეზე:

  • ხათუნა ხარჩილავა;
  • ნინო ნაჭყებია;
  • მაია ქოქიაშვილი;
  • გიზო უბილავა;
  • რომეო ტყეშელაშვილი.

24 მაისს, როდესაც შეერთებული შტატების საელჩოს ლაშა ჩხიკვაძის პროგრამიდან მოხსნის საკითხზე განმარტება მოსთხოვა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

„ვინმეს მართლაც რომ ეკადრა მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება, დარწმუნებული ვარ, ეს უკუშედეგს გამოიღებდა და ვიზიტს სხვა მოსამართლეებიც გააუქმებენ. საქართველოში კარგად იციან ღირსებისა და კოლეგიალობის ფასი და დარწმუნებული ვარ, კოლეგა მოსამართლის დისკრიმინაციის ფონზე, ამერიკაში წასვლას არცერთი სხვა მოსამართლე აღარ იკადრებდა“.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 16 მაისს 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა „რუსთავი 2-ის“ დირექტორობისას მიღებული მენეჯერული გადაწყვეტილების გამო.

ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, გვარამიას საქმე გასცდა სამართლებრივ ჩარჩოებს და მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება პოლიტიკურია.

მასალების გადაბეჭდვის წესი